• English
  • Українська
  • Русский
Donate Now
No Result
View All Result
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო
No Result
View All Result
Independence Avenue Media
Home ინტერვიუ

უკრაინა, ნატო და ნებისყოფის ომი

ჰერბერტ მაკმასტერი აცხადებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის კონტროლის აღიარება დააჯილდოვებს პუტინს, ნატოში განხეთქილებას გამოიწვევს, უკრაინას კი ბრძოლის გაგრძელებას აიძულებს.

Ia Meurmishviliby Ia Meurmishvili
დეკემბერი 20, 2025
X/ @ZelenskyyUa

@ZelenskyyUa

A A
Summarize with ChatGPTShare on X

აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი, ჰერბერტ მაკმასტერი ამბობს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია ხელიდან უშვებს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, დაუპირისპირდეს ე.წ. „აგრესორების ღერძს“, რომელსაც მისი თქმით, რუსეთი და ჩინეთი ხელმძღვანელობს. 

Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში, მაკმასტერი ამბობს, რომ დოკუმენტი არასათანადოდ აფასებს საფრთხის როგორც მასშტაბს, ასევე აქტუალობას. მისი თქმით, „დოკუმენტი უკეთესი იქნებოდა, თუ მასში ხაზგასმით იქნებოდა წარმოჩენილი რევანშისტული ძალების დღის წესრიგთან დაკავშირებული საფრთხე.“ 

„[დოკუმენტში] არის ხელიდან გაშვებული რამდენიმე შესაძლებლობა, ცხადად ყოფილიყო წარმოჩენილი კონკურენციის ხასიათი“, რაშიც, მისი თქმით, „საერთაშორისო დისკურსის არსებული წესების დანგრევისა და მათი ახლით ჩანაცვლების მიზნით“, რუსეთი და ჩინეთი ერთად მუშაობენ. 

მაკმასტერმა, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 2017 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებას ხელმძღვანელობდა, ასევე უარყო ევროპული ქვეყნების შეშფოთება 2025 წლის სტრატეგიის ტონთან დაკავშირებით და თქვა, რომ პოლიტიკური რიტორიკის მიუხედავად, მყარი ტრანსატლანტიკური ურთიერთობა გრძელდება. 

„ევროპა საკუთარ თავზე მეტ პასუხისმგებლობას იღებს. მან საბოლოოდ აღიარა მუდმივი საფრთხე, რომელიც, კერძოდ, რუსეთიდან მომდინარეობს. და ჩვენ ვხედავთ თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგებას“, – თქვა მან და აღნიშნა, რომ აშშ-ს აღქმა, რომ ევროპელები „სხვის ხარჯზე ცხოვრობენ“, სიმართლეს აღარ შეესაბამება. 

თადარიგის სამვარსკვლავიანმა გენერალმა, შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ კრემლმა საჯაროდ შეაქო აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, განსაკუთრებით მაშინ, როცა „რუსეთი ჩრდილოვან ომს აწარმოებს შეერთებული შტატების წინააღმდეგ, კოგნიტური ომისა და კიბერთავდასხმების სხვადასხვა ფორმით.” 

ის შეერთებულ შტატებსა და მოკავშირეებს მოუწოდებს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე ზეწოლა, უკრაინის მიმართ კი მხარდაჭერა გააძლიერონ. 

„პუტინის ხრიკი ძლიერი იმიჯის შექმნას ისახავს მიზნად… ის ცხენზე ამხედრებული წელსზემოთ შიშველი მამაკაცია, სინამდვილეში კი ძალიან სუსტ ეკონომიკურ მდგომარეობაშია“, თქვა მან. 

მაკმასტერი იმ შედეგების შესახებ საუბრობს, რომლებიც მისი თქმით, აშშ-ის მიერ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის პირობებზე დათანხმებას შეიძლება მოჰყვეს — პირობებზე, რომელებიც უკრაინისა და ევროპის წითელ ხაზებს გადაკვეთს. „პუტინის მიზანი, შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის განხეთქილების გაღვივება და ნატოს ალიანსის დაშლაა“, თქვა მან. 

ინტერვიუ ჩაწერილია 8 დეკემბერს, რედაქტირებულია სიცხადისა და ლაკონურობისთვის.

ია მეურმიშვილი, Independence Avenue Media-ს მთავარი რედაქტორი: რას ფიქრობთ, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე, რომელიც გასულ კვირაში გამოქვეყნდა? 

ჰერბერტ მაკმასტერი, აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი: ვფიქრობ, იქ არის რამდენიმე ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, ცხადი გამხდარიყო ევრაზიის ტერიტორიაზე არსებულ ორ რევანშისტულ ძალასთან, რუსეთთან და ჩინეთთან კონკურენციის ხასიათი და ის, თუ როგორ ჩართეს მათ სხვა წევრები იმაში, რასაც მე აგრესორების ღერძს ვუწოდებდი.  

დოკუმენტი უკეთესი იქნებოდა, თუ მასში ხაზგასმული იქნებოდა ამ რევანშისტული ძალების დღის წესრიგთან დაკავშირებული საფრთხე, რომელიც სინამდვილეში საერთაშორისო დისკურსის არსებული წესების დანგრევას და მათი ახალი წესებით ჩანაცვლებას გულისხმობს. წესებით, რომლებიც ხელსაყრელი იქნება მათი ავტორიტარული მმართველობის ფორმებისთვის და კერძოდ, ჩინეთის შემთხვევაში, მისი მერკანტილური ეკონომიკური მოდელისთვის. თუმცა ამ კონკურენციის შესახებ — ჩინეთთან ეკონომიკური კონკურენციის შესახებ — დოკუმენტში საუბარი არის. 

მეურმიშვილი: რას ფიქრობთ სტრატეგიის ტონზე ევროპის მიმართ? ევროპელები ამის გამო ღელავენ, თუმცა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კომისარმა კაია კალასმა განაცხადა, რომ აშშ ევროპის უდიდეს და ყველაზე სტრატეგიულ პარტნიორად რჩება. 

მაკმასტერი: ვფიქრობ, ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და ევროპასთან ურთიერთობის თვალსაზრისით ყველაფერი კარგად იქნება. ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ არსებობს განცდა, რომ ევროპა ამერიკელი გადასახადის გადამხდელების გულუხვობით სარგებლობს, არა? ევროპა მსოფლიო ეკონომიკის დაახლოებით 19%-ს და მსოფლიოს სოციალური ხარჯების, დაახლოებით, 50%-ს შეადგენდა, მაგრამ თავდაცვაში არ დებდა ინვესტიციებს. ამიტომ ბევრმა ამერიკელმა იფიქრა: „რატომ ვფარავთ მათ თავდაცვის ხარჯებს და შემდეგ ამით არაპირდაპირ ვაფინანსებთ მათ სოციალურ პროგრამებს?“ 

ამაში ლოგიკა იყო, მაგრამ ახლა ევროპა წინ მიიწევს. ევროპამ საბოლოოდ აღიარა ის მუდმივი საფრთხე, რომელიც, კერძოდ, რუსეთიდან მომდინარეობს. ჩვენ ვხედავთ თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგებას, ვალდებულებას, ყოველწლიურად მთლიანი შიდა პროდუქტის 5% თავდაცვაზე დახარჯოს —  3.5% უშუალოდ თავდაცვაზე და კიდევ 1.5% თავდაცვის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ასე რომ, ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაციამ უკვე გაიმარჯვა ამ საკითხში, მაგრამ შესაძლოა, იმისთვის, რომ საკუთარი ბაზა ასიამოვნონ, ისინი გამუდმებით ამბობენ: „ჰეი, ევროპავ, ჯობია თავად იზრუნო თავდაცვაზე“, მიუხედავად იმისა, რომ ევროპა ამას უკვე აკეთებს. 

მეურმიშვილი: კრემლის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიით გახარებული იყო, ოფიციალური განცხადებებითაც კი შეაქეს. გახსენდებათ ასეთი შემთხვევა წარსულიდან? 

მაკმასტერი: არა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთი ჩრდილოვან ომს აწარმოებს შეერთებული შტატების წინააღმდეგ კოგნიტური ომისა და კიბერშეტევების სხვადასხვა ფორმით — დანამდვილებით, ევროპის წინააღმდეგ. 

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა გავამახვილოთ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიაზე. ასევე აუცილებელია იმის აღიარება, რომ რუსეთი აზიანებს წყალქვეშა კაბელებს, აფეთქებს საწყობებს, ცდილობს DHL-ის თვითმფრინავებში ბომბების ჩადებას, აფეთქებს რკინიგზის ხაზებს პოლონეთში და აწყობს დრონებით თავდასხმებს დანიაზე, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთზე. [რედაქტორის შენიშვნა: მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ხელისუფლება ეჭვობს რუსეთის მონაწილეობას ბალტიის ზღვაში წყალქვეშა კაბელებთან დაკავშირებულ ინციდენტებში, IAM-ს არ შეუძლია დამოუკიდებლად დაადასტუროს ეს ბრალდებები. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.] 

პუტინს ნათლად უნდა ავუხსნათ, რომ ამას დაუსჯელად ვერ გადაურჩება. მჯერა, რომ პუტინის ხრიკი ძლიერი იმიჯის შექმნას ისახავს მიზნად. ის საკუთარ თავს გავლენიან ლიდერად წარმოაჩენს, რომელიც ცხენზე ამხედრებული წელსზემოთ შიშველი მამაკაცია, სინამდვილეში კი ძალიან სუსტ ეკონომიკურ მდგომარეობაშია“.  სამკვირიანი, ელვისებური კამპანია, რომელიც მან 2022 წლის თებერვალში დაიწყო, ახლა უკვე ოთხწლიან ომში გადაიზარდა, რომლის შედეგადაც მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა ან დაიჭრა. 

ეკონომიკა სავალალო მდგომარეობაშია, ის ფულის მთაზე ზის, რომლის გამოყენებაც არ შეუძლია. მისი ეკონომიკა სტაგნაციას განიცდის… და, რა თქმა უნდა, არსებობს უკრაინის თავდასხმების გავლენა რუსეთის საწვავის ინფრასტრუქტურის ნაწილებზე. ახლა კი ის მიმართავს იმას, რაც, მაგალითად, დრონების ზოგიერთ ქარხანაში მონურ შრომას უტოლდება. 

ამიტომ, ვფიქრობ, რომ დროა, პუტინზე მეტი ზეწოლა განვახორციელოთ. ვისურვებდი, რომ ევროკავშირმა გამოიყენოს გაყინული რუსული აქტივები უკრაინის მხარდასაჭერად… და ვფიქრობ, რომ დროა რეალურად გავზარდოთ გარკვეული თავდაცვის ტექნოლოგიების მიწოდება უკრაინისთვის და ამავდროულად გავზარდოთ ეკონომიკური ზეწოლა პუტინზე. 

მეურმიშვილი: რამდენად მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების კუთხით? რამდენად სერიოზული დოკუმენტია ეს? 

მაკმასტერი: უნდა იყოს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა პროცესის შედეგია ის, მაგალითად, რამდენად იყო მის შემუშავებაში ჩართული პრეზიდენტი.  

2017 წელს, როდესაც ჩვენ გამოვაქვეყნეთ [აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ] ტრამპის პირველი ვადის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, ის ძალიან აქტიურად იყო ჩართული. მე მას რამდენჯერმე შევხვდი, განვიხილეთ დოკუმენტის თითოეული ნაწილი. ის ენთუზიაზმით იყო განწყობილი. [ამ პროცესში] ბევრჯერ იტყოდა ხოლმე: „მჭირდება მეტი ასეთი ფორმულირება. ეს შესანიშნავია“.  

ჩვენ მასთან ერთად ვიმუშავეთ მისი პრეზიდენტობის პირველი წლის განმავლობაში და… მრავალი იდეა მისი საჯარო გამოსვლების ნაწილი გახდა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, ვარშავაში წარმოთქმული სიტყვა იყო… ასე რომ, ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი დოკუმენტი, თუ ის, უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტის მოსაზრებებს ასახავს. 

მეორე მხრივ, ამ სტრატეგიას მართლაც მნიშვნელოვანი ადრესატები ჰყავს. ერთ-ერთი მათგანი ამერიკელი ხალხია, რომელმაც უნდა გაიგოს, თუ რას აკეთებს ადმინისტრაცია თავისი საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის განსახორციელებლად, რომელიც მიზნად ისახავს ამერიკელი ხალხის ინტერესების დაცვას, არსებული გეოსტრატეგიული გარემოს გათვალისწინებით. ამ გაგებით, ეს საგანმანათლებლო დოკუმენტია. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი მიმღები, როგორც თქვენმა აუდიტორიამ ალბათ იცის, უცხო ქვეყნებია, არა? იმიტომ, რომ ამერიკელები დიდ ყურადღებას არ აქცევენ ასეთ დოკუმენტებს, საზღვარგარეთ კი მათ ძალიან ყურადღებით კითხულობენ. და მე ვფიქრობ, რომ ამან შეიძლება ან დადებითი სიგნალი გააგზავნოს, რომელიც ჩვენს ინტერესებს წინ წაწევს, ან ეჭვი შეიტანოს ამერიკის სიმტკიცესა და სანდოობაში. 

სამწუხაროდ, მე ვფიქრობ, რომ ეს ორივეს ნაზავია. ეს არ არის იზოლაციონისტური სტრატეგია. ვგულისხმობ, რომ არსებობს გარკვეული ასპექტები, რომლებიც მე მნიშვნელოვნად და პერსპექტიულად მიმაჩნია, განსაკუთრებით ჩვენი სამრეწველო ბაზის გაძლიერების კუთხით, რათა თავიდან ავიცილოთ ჩინეთის მიერ ჩვენს ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენის მოხდენა. 

მაგრამ არსებობს სხვა ასპექტებიც, რომლებიც იმედგაცრუებას იწვევს… მაგალითად, რუსეთის არ დაგმობა უკრაინის წინააღმდეგ მისი აშკარა აგრესიის გამო, რუსეთის წინააღმდეგ შეკავების აღდგენისა და რუსული აგრესიის სხვადასხვა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლის აქცენტის არარსებობა და ჩინეთის მიერ შექმნილი საფრთხის უფრო მკაფიოდ არ აღიარება. მე ვფიქრობ, რომ ეს დოკუმენტი შეიძლებოდა უფრო ძლიერი ყოფილიყო იმ თვალსაზრისით, თუ რას ეუბნება ის საერთაშორისო საზოგადოებას.

Tags: აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიარუსეთ-უკრაინის ომისამშვიდობო მოლაპარაკებებიუკრაინა
Ia Meurmishvili

Ia Meurmishvili

Ia Meurmishvili is Editor in Chief and co-founder of Independence Avenue Media. Previously she served as managing editor of Voice of America's Georgian service and TV anchor. She is also a public speaker, conference moderator, and founder of Villa Chven Winery in her native Georgia.

logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Donate Now

© 2025 Independence Avenue Media

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო

© 2025 Independence Avenue Media