• English
  • Українська
  • Русский
Donate Now
No Result
View All Result
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო
No Result
View All Result
Independence Avenue Media
Home ინტერვიუ

კონგრესი ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებს გამოიკვლიოს საქართველოში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება

აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, ამერიკის მთავრობას მოუწოდებენ, გამოიკვლიოს ტელეკომპანია „ბი-ბი-სის“ დოკუმენტურ ფილმში გამოთქმული ბრალდებები, რომ საქართველოს მთავრობამ საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ, შესაძლოა, პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფს.

Kartlos Sharashenidzeby Kartlos Sharashenidze
დეკემბერი 22, 2025
Congress Urges Trump Administration Inquiry Into Possible Chemical Weapon Use in Georgian Protests

© Independence Avenue Media

A A
Summarize with ChatGPTShare on X

კონგრესის ორპარტიული ლიდერები, მათ შორის, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის „შესაბამისი“ კომიტეტების თავმჯდომარეები, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური აგენტის შესაძლო გამოყენების შესახებ გავრცელებული ცნობები გამოიკვლიონ. 

„ამერიკელი ხალხი შოკირებულია იმით, რომ ბაშარ ალ-ასადის ტრადიციის გაგრძელებით — სირიის დიქტატორის, რომელიც ქიმიურ იარაღს იყენებდა — ახლა არსებობს პარალელი და ეს არის რეჟიმი თბილისში“, თქვა Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში კონგრესმენმა უილსონმა. მისივე თქმით, საკითხის მოკვლევის მოთხოვნით, ყველა შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმინისტრაციას წერილობით მიმართა. რესპუბლიკელ კონგრესმენს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი კაბინეტის წევრების ყურადღებას მიიპყრობს. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, Independence Avenue Media-ს უთხრა, რომ დეპარტამენტი გაეცნო პრესის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თუმცა „მათ შესაფასებლად, დამატებითი ინფორმაციის გარეშე“, უწყება კომენტარს არ გააკეთებს. 

ბრალდებები და კონგრესში გაკეთებული განცხადებები ართულებს „ქართული ოცნების“ გაცხადებულ მცდელობას ვაშინგტონთან ურთიერთობები გადატვირთოს. ამის ნაცვლად, „ქართული ოცნება“ ახლა აშშ-ის კონგრესში ორპარტიული კრიტიკისა და საერთაშორისო შეშფოთების წინაშე დგას. საპროტესტო აქციების მართვის სტილისა და სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო, საქართველოს მმართველ ძალას სულ უფრო ხშირად ადარებენ ავტორიტარულ რეჟიმებს. 

ბრალდებებმა, რომლებსაც „ქართული ოცნება“ უარყოფს, საერთაშორისო ყურადღება 30 ნოემბერს მიიპყრო. ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სიმ“, მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში თქვა, რომ მტკიცებულებები მიუთითებდა, რომ მასობრივი საპროტესტო აქციის დაშლისთვის, პოლიციამ წყლის ჭავლში, შესაძლოა, პირველი მსოფლიო ომის პერიოდის ქიმიური აგენტი კამიტი გამოიყენა. ჟურნალისტური გამოძიება ამბობს, რომ ამ დაშვების საფუძველი ექსპერტების მიერ მტკიცებულებების შესწავლამ და ქართული ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომლების მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ შექმნა. 

3 დეკემბერს, აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ გაავრცელა განცხადება, რომლითაც შეერთებული შტატების მთავრობას და დემოკრატიულ მოკავშირეებს, გავრცელებული ცნობების გადამოწმება, მათი დადასტურების შემთხვევაში კი, შესაბამის პასუხისმგებელ პირებზე სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამგვარი ქცევა, საქართველოს მთავრობას, რუსეთისა და ჩინეთის ავტორიტარი მმართველების „ლიგაში მოაქცევდა“, რომლებიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად რეპრესიებს მიმართავენ.

„ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ“ 

„ქართული ოცნება“ აკრძალული ქიმიური აგენტის გამოყენებას უარყოფს. 6 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ გამოძიებამ, რომელიც 5 დღე გაგრძელდა, პოლიციის მიერ კამიტის გამოყენების მტკიცებულება ვერ იპოვა. უწყების განცხადებით, სამართალდამცავებმა გაზი CS გამოიყენეს, რაც მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკაა. 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გასულ კვირას, სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის გამო, ბრიტანეთის მთავრობისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა და თქვა, რომ საქართველო ამას ჯერ ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელ ორგანოში გაასაჩივრებს, საჭიროების შემთხვევაში კი სამართლებრივ გზას მიმართავს. 

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, პარალელი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ „ბი-ბი-სის“ წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან გაავლო და თქვა, რომ ეს იყო ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც ბიბისი მონაწილეობდა, როგორც პროპაგანდის საშუალება. 

 საქართველოში ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ გამოძიებას არ ენდობიან და დამოუკიდებელი, საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ითხოვენ. 

„მეგობარი აქტი“ 

აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ, გავრცელებულ განცხადებაში ასევე მიმართა ამერიკელ კანონმდებლებს და მოუწოდა დააჩქაროს სენატში წარდგენილი „მეგობარი აქტის“ მიღება. კანონპროექტი კონგრესში მიმდინარე წლის იანვარში, კონგრესმენმა უილსონმა, ორპარტიული მხარდაჭერით წარადგინა. მაისში, კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი დიდი ორპარტიული უმრავლესობით მიიღო.  კანონპროექტი ახლა სენატის საკანონმდებლო კალენდარშია შეტანილი, თუმცა მისი განხილვის ან მასზე კენჭისყრის თარიღი დადგენილი არ არის.  

„მეგობარი აქტის“ მიღებისა და პრეზიდენტის ხელმოწერის შემთხვევაში, მისი კანონად ქცევა აშშ-ის ადმინისტრაციას დაავალდებულებს სავიზო შეზღუდვები და ქონების გაყინვის სანქციები დაუწესოს პირებს, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. ის ასევე ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის გაფართოებას. კონგრესმენმა უილსონმა, Independence Avenue Media-სთან თქვა, რომ დარწმუნებულია, „მეგობარი აქტი“ კანონი გახდება. 

ქართული ოცნების ლიდერები, „მეგობარი აქტს“, „მტრულ აქტს“ უწოდებენ. მას შემდეგ რაც წარმომადგენელთა პალატამ ის ხმების დიდი უმრავლესობით მიიღო, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანონმდებლები, რომლებმაც აქტს მხარი დაუჭირეს, არა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოკავშირეები, არამედ „დიფ სტეიტის“ გავლენის ქვეშ არიან — „მაგალითად, ჯო უილსონი თავიდან ბოლომდე დიფ სტეიტია“. 

„ამას კომპლიმენტად ვიღებ“, უთხრა Independence Avenue Media-ს კონგრესმენმა უილსონმა. დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელ უილსონს, კონგრესში შუალედური არჩევნებისთვის მტკიცე  საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა.  დონალდ ტრამპთან მისი ურთიერთობის ხაზგასმით, კონგრესმენმა თქვა, რომ „დიფ სტეიტის“ იარლიყი, მასთან დაკავშირებით სრულიად უადგილოა.

„დიფ სტეიტი“ „ქართული ოცნების“ რიტორიკაში 

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური რიტორიკაში, „დიფ სტეიტი“ ცენტრალური ცნება მას შემდეგ გახდა, რაც დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტად მეორედ აირჩიეს. მანამდე, საქართველოს მმართველი პარტია, დასავლელ პარტნიორებთან დაპირისპირებაში, შეთქმულების სხვა თეორიას იყენებდა, რასაც თავად „გლობალურ ომის პარტიას“ უწოდებდნენ — ამ შეთქმულების თეორიის მიხედვით, დასავლეთი, საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვას აიძულებდა. 

ამის შესახებ, მიმდინარე თვეში, კიდევ ერთხელ ისაუბრა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც თქვა, რომ მეორე ფრონტის გახსნის შესახებ, კონკრეტული მოწოდებები, ქართველ ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზე კეთდებოდა. მისივე თქმით, ერთ-ერთ შეხვედრაზე მას უთხრეს, რომ თუ მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში ქვეყანა ჩამოიშლებოდა, ქართველებს პარტიზანული ბრძოლა ტყეებიდან უნდა გაეგრძელებინათ. კობახიძემ ეს განცხადებების ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად გააკეთა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, მას საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეხვედრის შესახებ ჰკითხეს. მან თქვა, რომ აშშ-ის ყოფილი ელჩი, შეხვედრებზე „ისტერიული“ იყო. 

Independence Avenue Media-მ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ჰკითხა, 2022 წლიდან დროის ნებისმიერ პერიოდში, მოითხოვა თუ არა შეერთებულმა შტატებმა საქართველოსგან რაიმე სახის სამხედრო ჩარევა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის წარმოებულ ომში. „ეს ბრალდებები სრული სიცრუეა“, გვითხრა დეპარტამენტის სპიკერმა. 

ვაშინგტონში ანალიტიკოსები ამბობენ, რომ „დიფ სტეიტზე“ საუბარი მიანიშნებს „ქართული ოცნების“ მცდელობას გამოიყენოს თავად დონალდ ტრამპის ტერმინოლოგია.  “ქართული ოცნება“ ცდილობს, მოიქცეს როგორც მინი-უნგრეთი, როგორც მინი-მემარჯვენე პოპულისტური მთავრობა“, თქვა ბობ ჰამილტონმა, აშშ-ის თადარიგის პოლკოვნიკმა. „ქართული ოცნება“ ცდილობს „ამ გზით ტრამპის ადმინისტრაციის ყურადღება მიიპყროს და იმედოვნებენ მოწონებას დაიმსახურებენ — არ მგონია ეს მოხდეს“, თქვა ჰამილტონმა. 

ჰამილტონი ფიქრობს, რომ გასულ თვეში გამოქვეყნებული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, აშშ-ის ინტერესების უფრო ვიწრო განმარტებას ასახავს და მიიჩნევს, რომ „თეთრ სახლში, ბევრი ადამიანის წარმოდგენაში, საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში ხვდება“. მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია ამას ღიად არ გამოხატავს, მაგრამ „მისი ქმედებები გულისხმობს, რომ [ადმინისტრაცია] არ არის დაინტერესებული საქართველოთი, არ აინტერესებს საქართველო იქნება დემოკრატიული თუ ავტორიტარული, პროდასავლური თუ პრორუსული — უბრალოდ არ აინტერესებს“. 

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დენიელ ფრიდი ფიქრობს, რომ საქართველო ვაშინგტონის თვალთახედვიდან არ გამქრალა, თუმცა უფრო დიდი პრიორიტეტების ჩრდილქვეშ არის მოქცეული. 

„ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს დიდ დროს არ უთმობს“, თქვა მან და აღნიშნა, რომ ჩართულობა უფრო მეტად, კონგრესიდან მოდის და არა თეთრი სახლიდან. 

ფრიდმა ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ურთიერთობის გადატვირთვის შესაძლებლობა  ადმინისტრაციასთან იდეოლოგიური თანხვედრის წარმოჩენით. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ნამდვილად ცდილობს წარმოჩენას, რომ თითქოს იდეოლოგიური თანხვედრა აქვს ტრამპის ადმინისტრაციასთან,  მაგრამ მმართველი ძალის მოქმედებები, აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ გაცხადებულ ამერიკის ინტერესებთან ხშირად წინააღმდეგობაში მოდის. 

„ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში საუბარია ჩინეთისა და სხვა მტრულად განწყობილი ქვეყნების მიერ ინფრასტრუქტურაზე კონტროლის მოპოვების საფრთხეზე“, თქვა ფრიდმა. „ქართული ოცნება” [საქართველოში] ჩინელების იწვევს“. 

საქართველომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი 2023 წელს მოაწერა. 

იდეოლოგიური სიახლოვე „ურთიერთობის სტაბილური საფუძველი არ არის“, თქვა ფრიდმა. „ვფიქრობ, საბოლოოდ, ტრამპის ადმინისტრაცია არ იხელმძღვანელებს იდეოლოგიით, თუ [ეს ურთიერთობა] ამერიკულ ინტერესებს ეწინააღმდეგება“. 

აშშ-მა საქართველოსთან 2009 წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობა გასულ წელს, „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული მოქმედებებისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების პასუხად შეაჩერა. მალევე, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს — რუსეთის ინტერესების დაწინაურებისა და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამოთხრისთვის. 

„ქართული ოცნების“ ლიდერები, საჯაროდ გამოთქვამდნენ იმედს, რომ 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა სწრაფად გამოსწორდებოდა. თუმცა, ტრამპის მეორეო ვადის დაწყებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა კვლავ შეჩერებულია და შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციები, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილზე, ძალაში რჩება.

Tags: "დიფ სტეიტიBidzina Ivanishviliაშშ-საქართველოაშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა
Kartlos Sharashenidze

Kartlos Sharashenidze

Kartlos Sharashenidze is the Executive Editor and Co-Founder of Independence Avenue Media.

logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Donate Now

© 2025 Independence Avenue Media

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო

© 2025 Independence Avenue Media