ბრაიან უიტმორი Independence Avenue Media-ს მოწვეული ავტორია. ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა არ ასახავდეს Independence Avenue Media-ს პოზიციას.
სექტემბერი დაიწყო და უკვე საკმაოდ ნათელია, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ასე ნაქები ზაფხულის შეტევა, ფაქტობრივად, ჩავარდა.
ოღონდ ამას ვლადიმირ პუტინს ნუ ეტყვით. ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე გამოსვლისას კრემლის ავტოკრატი ამტკიცებდა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მხოლოდ აგვისტოში, დონეცკის ოლქში, 270 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიკავეს.
ეს, რა თქმა უნდა, წმინდა წყლის ფანტაზიაა. DeepState, რომელიც ფრონტზე მიმდინარე ცვლილებებს ყურადღებით აკვირდება და რუკაზე ასახავს, ადგენს, რომ აგვისტოში რუსეთმა დონეცკის ოლქში მხოლოდ 26 კვადრატული კილომეტრი დაიკავა. ხოლო ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, აგვისტოში რუსეთის ძალებმა საომარი მოქმედებების მთელ თეატრში მყარი კონტროლი მხოლოდ 90 კვადრატულ კილომეტრზე დაამყარეს.
უფრო მეტიც, დამოუკიდებელი დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ აგვისტოში უკრაინამ რეალურად უფრო მეტი ტერიტორია გაათავისუფლა, ვიდრე რუსეთმა დაიკავა. ცალკეულ მონაკვეთებზე, განსაკუთრებით ლიმანისა და ოლექსანდრივკის მიმართულებებზე, განხორციელებული უკრაინული კონტრშეტევების შედეგად, უკრაინამ თითქმის 130 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნა.
რა თქმა უნდა, პუტინი არასდროს აძლევდა უბრალო ფაქტებს უფლებას, ლაკონიური და ეფექტური ფრაზის თქმაში ხელი შეეშალათ. გახსოვთ, როგორ მოიგონა უკრაინაში არარსებული მდინარე და ამტკიცებდა, რომ მის ნაპირებზე წარმოსახვითმა რუსულმა ძალებმა ათასობით წარმოსახვითი უკრაინელი სამხედრო მოიმწყვდიეს? და ისიც გახსოვთ, როგორ ამტკიცებდა, რომ მოსკოვმა წელს უკრაინაში 3,000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიკავა?
ფაქტი ისაა, რომ ეს იმპერიული და აგრესიული ომი რუსეთისთვის კატასტროფულად მიმდინარეობს. 2026 წლის პირველ რვა თვეში რუსეთის ტერიტორიული მონაპოვარი, დანაკარგების გათვალისწინებით, თითქმის ნულის ტოლია. ეს თითქმის არარსებული მონაპოვარიც კი მას უზარმაზარ ფასად დაუჯდა.
სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ანგარიშის თანახმად, რუსეთის ცოცხალი ძალის დანაკარგი (დაღუპულთა და დაშავებულთა სახით) თვეში საშუალოდ 30 000-ს შეადგენს. მათ შორის არიან ბრძოლაში დაღუპული სამხედროები და ისინი, ვინც იმდენად მძიმედ დაიჭრა, რომ ბრძოლის ველზე დაბრუნებას ვეღარ შეძლებენ. მოსკოვი კი თვეში, დაახლოებით, 27 000 ახალი ჯარისკაცით რიგების შევსებას ახერხებს. ცოცხალი ძალის გამოფიტვის ასეთი ტემპი, როგორც ჩანს, დიდხანს ვერ გაგრძელდება.
ფართოდ ვრცელდება ვარაუდი, რომ დანაკლისის შესავსებად პუტინმა, ამ შემოდგომაზე, შესაძლოა პოლიტიკურად ფეთქებადსაშიში ნაბიჯი გადადგას და სრული მობილიზაცია გამოაცხადოს. თუ ამას არ გააკეთებს, როგორც ჩანს, კრემლი მიმდინარე ფარულ მობილიზაციას კიდევ უფრო გააძლიერებს და ზეწოლას მოახდენს პატიმრებზე, უსახსრო ადამიანებსა და წვრილმანი სამართალდარღვევებისთვის ქუჩაში დაკავებულ ახალგაზრდა მამაკაცებზე, რათა ისინი სამხედრო სამსახურში ჩაეწერონ.
ამის შედეგად, როგორც ჩანს, რუსი მამაკაცები ქვეყნიდან გარბიან: მხოლოდ აგვისტოს ბოლო კვირაში საქართველოში 113,000 მათგანი შევიდა. ამავე დროს, რუსეთის საომარი ეკონომიკა ირყევა, რადგან რუსეთის სიღრმეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე უკრაინის დარტყმები საწვავის დეფიციტსა და ბენზინგასამართ სადგურებთან რიგებს იწვევს.
როდესაც საქმე ასე ცუდად მიდის, უბრალოდ ტყუილების შეთხზვის გარდა, პუტინს კიდევ ერთი ნაცადი სვლა აქვს: მისი კლასიკური ფსიქოლოგიური ოპერაცია, რომლითაც ცდილობს, დასავლეთი დაარწმუნოს, თითქოს აი-აი რაღაც მართლაც, მართლაც უგუნურ ნაბიჯს გადადგამს.
მაგალითად, თავს დაესხას გაერთიანებულ სამეფოს.
როდესაც გაერთიანებული სამეფო დათანხმდა უკრაინისთვის გასაიდუმლოებული ტექნოლოგიური ცოდნისა და ტექნიკური სპეციფიკაციების გადაცემას, რათა Storm Shadow-ის რაკეტები თავად უკრაინაში აწყობილიყო, რაც დასავლეთის მარაგებზე კიევის დამოკიდებულებას შეამცირებდა, რუსეთი ბრიტანეთის სამხედრო ობიექტებსა და თავდაცვის ინდუსტრიის ხელმძღვანელებზე დარტყმით დაიმუქრა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ პირდაპირ განაცხადა, რომ ნებისმიერი ბრიტანული სამხედრო ობიექტი თუ აღჭურვილობა „უკრაინასა და მის ფარგლებს გარეთ“ შესაძლოა ლეგიტიმურ სამიზნედ იქცეს.
ან, შესაძლოა, კრემლმა ევროპაში მიმდინარე დივერსიული კამპანია კიდევ უფრო გააძლიეროს.
რუსეთის მცდელობა, აგვისტოში ლაიფციგის აეროპორტზე თავდასხმისთვის ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონი გამოეყენებინა, მხოლოდ ბოლო მაგალითია.
მაისში, ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონი რუმინეთში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. გასული წლის სექტემბერში ნატოს გამანადგურებლებმა რამდენიმე რუსული დრონი ჩამოაგდეს, რომლებმაც პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. ამას ემატება პოლონეთში სარკინიგზო ხაზზე ასაფეთქებელი ნივთიერებების განთავსება, შვედეთის საჰაერო სივრცეში საავიაციო სისტემების ელექტრონული ჩახშობა, 2025 წელს ნორვეგიაში კაშხლის მართვის სისტემაზე კიბერშეტევა და 2024 წელს აღკვეთილი გეგმა, სატვირთო თვითმფრინავებში ასაფეთქებელი მოწყობილობები მოეთავსებინათ. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია. ამ წლის დასაწყისში ლიეტუვის ოფიციალურმა პირებმა ცხრა ადამიანი დააკავეს, რომლებსაც რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის, გრუ-ს, დავალებით ევროპის მასშტაბით მკვლელობებისა და დივერსიების დაგეგმვა ედებათ ბრალად.
და, რა თქმა უნდა, არსებობს კრემლის მუდმივი მუქარაც, რომ ბელარუსიდან უკრაინის წინააღმდეგ ახალ ფრონტს გახსნის. ეს საფრთხე კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა, როდესაც აგვისტოს ბოლოს პუტინი ბელარუსის ავტოკრატ ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა.
ამ კვირაში გავრცელდა ცნობები, რომ ბელარუსი ახალ სამხედრო საწვრთნელ ობიექტსა და სპეციალურ სარკინიგზო ტერმინალს აშენებს ქვეყნის სამხრეთში, ჰომელის რეგიონში, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 40 კილომეტრში. ამას წინ უძღოდა უკრაინული მედიის ცნობები, რომ აგვისტოს დასაწყისში ბელარუსმა ჰომელის რეგიონში ახალი საჰაერო-სადესანტო მოიერიშე ბრიგადა ჩამოაყალიბა. ასევე ფართოდ არის გავრცელებული ვარაუდი, რომ რუსეთი ბელარუსზე ზეწოლას ახდენს, რათა ბელარუსმა რუსეთს საკუთარი ტერიტორიის უფრო ფართოდ გამოყენების უფლება მისცეს უკრაინაზე თავდასხმებისა და ნატოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ოპერაციების განსახორციელებლად.
თითოეული ეს მუქარა შესაძლოა რეალური იყოს. მაგალითად, როგორც ბრიტანეთის, ისე აშშ-ის სადაზვერვო უწყებები ევროპაში რუსეთის შესაძლო ესკალაციის საფრთხეზე აფრთხილებენ. მეც ამავე სვეტში თითქმის აკვიატებით ვაშუქებდი ბელარუსიდან მომდინარე ესკალაციის საფრთხეს.
ან შესაძლოა, ეს ყველაფერი კრემლის დახვეწილი ფსიქოლოგიური ოპერაციის ნაწილი იყოს, რომლითაც კრემლი ცდილობს, დასავლეთი დააშინოს და აიძულოს, უკრაინა მიატოვოს.
მაგრამ, თუ ასეა, კარგი ამბავი, ამჯერად მაინც, ისაა, რომ დასავლეთის დიდი ნაწილი ამას არ იჯერებს.
კიევში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა განაცხადა: „ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის აღმაშფოთებელი მუქარის მიუხედავად, ჩვენ კვლავაც მხარს დავუჭერთ უკრაინის თავდაცვას“. ევროპელი ოფიციალური პირები კი აცხადებენ, რომ რუსეთის დივერსიული კამპანიის საპასუხოდ უკრაინისთვის თავდაცვითი დახმარების გაზრდას გეგმავენ.
იქნებ, ბოლოს და ბოლოს, პუტინის თამაშების ამოცნობას მართლაც ვიწყებთ.



