• English
  • Українська
  • Русский
Donate Now
No Result
View All Result
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Independence Avenue Media
Home რჩეული

სახდეპის სპიკერი ჰანრაჰანი-დარსალიას შეხვედრაზე: განიხილეს სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის შესაძლებლობები

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა Independence Avenue Media-ს კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს უფროს ოფიციალურ პირსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის „საერთო ინტერესის საკითხებზე“ „კონსტრუქციული საუბარი“ გაიმართა.

ქართლოს შარაშენიძეby ქართლოს შარაშენიძე
თებერვალი 5, 2026
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს უფროსი ოფიციალური პირი, ბრენდან ჰანრაჰანი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია. შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში, 2026 წლის 3 თებერვალი. ფოტო: საქართველოს საელჩო აშშ-ში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს უფროსი ოფიციალური პირი, ბრენდან ჰანრაჰანი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია. შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში, 2026 წლის 3 თებერვალი. ფოტო: საქართველოს საელჩო აშშ-ში.

A A
Summarize with ChatGPTShare on X
🔊

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს უფროსმა ოფიციალურმა პირმა, ბრენდან ჰანრაჰანმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, „სამხრეთ კავკასიის რეგიონში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს, რაც გამომდინარეობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით, 2025 წლის 8 აგვისტოს მიღწეული ისტორიული სამშვიდობო შეთანხმებიდან“, განაცხადა დეპარტამენტის სპიკერმა, Independence Avenue Media-ს კითხვაზე პასუხად.

სპიკერის განცხადებით, ჰანრაჰანსა და დარსალიას „3 თებერვალს კონსტრუქციული საუბარი ჰქონდათ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის საერთო ინტერესის საკითხებზე“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ „მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს“.

„ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობას და სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივები. ამერიკულმა მხარემ დაადასტურა უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

625767382 1337528461748896 6034737987702945963 n
აშშ-ში საქართველოს საელჩოს ფოტო: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, საქართველოს საელჩოში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვიზიტის ფარგლებში, ასევე შეხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებს.

საქართველოს საელჩოში გამართული შეხვედრის შესახებ, საელჩოს მიერ 4 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაგეგმარების პოლიტიკის უფროს მრჩეველ ჯონათან ასკონასსთან და სპეციალურ თანაშემწე ჩარლზ იოკისთან შეხვედრაზე, ქართულმა მხარემ „კვლავ გამოხატა აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი“.

საელჩოს მიერ 5 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა დარსალიამ, ასევე შეხვედრა გამართა აშშ-ის კომერციის დეპარტამენტში, კომერციის მდივნის მოადგილეებთან და მხარეებმა „სატრანსპორტო-ლოგისტიკის, რეგიონული ვაჭრობის, ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციების მიმართულებით საქართველო-აშშ-ის პარტნიორობის განვითარება“ განიხილეს.

ამასთან, საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე „საუბარი შეეხო მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ამ მიმართულებით შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის განვითარების პროცესში საქართველოს როლზე. ამ კონტექსტში, მხარეებმა განიხილეს მზაობა მაღალი ტექნოლოგიების სექტორში ამერიკული ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით“.

სახელმწიფო დეპარტამენტმა არ უპასუხა ჩვენ მიერ დასმულ კითხვას, დასრულდა თუ არა საქართველოს მიმართ ადმინისტრაციის პოლიტიკის შემუშავება და მიმდინარეობს თუ არა მუშაობა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით.

საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი მიიჩნევს, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, იცვლება თუ არა აშშ-ის პოლიტიკა საქართველოს მიმართ. „ცხადია, რომ აშშ-ს აქვს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების წინსვლის ინტერესი, მათ შორის TRIPP [ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის] დერეფნის განვითარების გზით“, თქვა კორტნიმ Independence Avenue Media-სთან საუბრისას.

კენეტ იალოვიცი, საქართველოში შეერთებული შტატების კიდევ ერთი ყოფილი ელჩი ფიქრობს, რომ ეს არ იყო იმ დონის შეხვედრა, რომელიც შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც ორი ქვეყნის ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

იალოვიცი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციის ინტერსი, პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე დაფუძნებით, სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდაა. ის ამბობს, რომ შეერთებული შტატები საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობას ინარჩუნებს და ნებისმიერ შემთხვევაში, დიპლომატების კონტაქტი მნიშვნელოვანია.

შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობა

შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის მექანიზმი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, 2024 წლის 30 ნოემბერს შეაჩერა. მაშინ, დეპარტამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ სხვადასხვა ანტიდემოკრატიულმა ქმედებამ, დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპები, რომლებიც დაფუძნებული იყო დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისადმი საერთო ღირებულებებსა და ვალდებულებებზე.

აშშ-ის ამ ნაბიჯს, ორი დღით, წინ უსწრებდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე, დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი. „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებით, „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარების შესაძლებლობაზე და საქართველო კრემლის წინაშე უფრო დაუცველი გახადა“, განაცხადა მაშინ სახელმწიფო დეპარატამენტმა.

საქართველოში განვითარებული მოვლენების — უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების, საპასუხო მასშტაბური საპროტესტო აქციების ძალის გამოყენებით დარბევის, ხელისუფლების „ანტიდემოკრატიული ნაბიჯებისა“ და ანტიდასავლური განცხადებების — კვალდაკვალ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, სანქციების დაუწესა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, ასევე სანქციების და სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს და ოჯახის წევრებს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოსთან ურთიერთობას ახალი ფურცლიდან დაიწყებს.

„აშშ-სა და საქართველოს საგარეო უწყებებს შორის სამუშაო ურთიერთობა ჩვეულებრივად მიმდინარეობს. ეს იყო სამუშაო შეხვედრა, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს ეხება. რაც შეეხება ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ ურთიერთობებს, ჩვენ კვლავ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ჩვენი მზაობაა, რომ დავივიწყოთ ის მავნე პრაქტიკა, რომელსაც წინა ადმინისტრაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებდა, მათ შორის, არჩევნებში ჩარევის გზით, რასაც ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას წარმოადგენდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ეს ფურცელი გადაიშალოს და საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს“, თქვა შალვა პაპუაშვილმა 4 თებერვალს, პარლამენტში პლენარული სესიის დაწყებამდე.

ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილები

2025 წლის 21 მაისს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში გამართულ მოსმენაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, საქართველოს შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ „ საკითხი ამჟამად განხილვის რეჟიმშია“.

კერძოდ, მდივან რუბიოს, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა ჰკითხა, რას გააკეთებდა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი რუბიოს ხელმძღვანელობით იმისთვის, რომ „ნამდვილი ფასი გადაახდევინოს ანტიამერიკულ „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხის სახელით“?

სახელმწიფო მდივანმა რუბიომ კითხვას ასე უპასუხა: „დავუბრუნდები იმას, რაც ადრე ვთქვი — [უპირველესია] აშშ-ის მიზნები, ჩვენი ეროვნული ინტერესები. ასე რომ, ჩვენ ასე განვიხილავთ ამ საკითხს — არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს.

ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და ჩვენ განვიხილავთ ვარიანტებს და დამატებით ვარიანტებს. დღეს კონკრეტულად რას ვგეგმავთ, ჯერჯერობით ვერ გამოვაცხადებ. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც განიხილება.

კიდევ ერთხელ, ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რატომ ვაპირებთ, მივმართოთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ადგილობრივ ოფისებს ადგილზე, რათა მათ მოგვცენ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ ყველაზე მეტად რა ზომებზე ექნება მთავრობას — ანტიამერიკულ მთავრობას — რეაგირება“.

28 მაისს შეერთებული შტატების საელჩომ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე, „სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“. ივანიშვილმა საპასუხო წერილში საელჩოს განცხადებას „გაუგებარი“ უწოდა.

გასული წლის ივნისის დასაწყისში, რობინ დანიგანი ელჩის თანამდებობიდან გადადგა. განაცხადა, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო და ის აშშ-ის მთავრობას არ გაუწვევია. მას შემდეგ, საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიცია ვაკანტურია.


ასევე ნახეთ:

  • კონგრესი ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებს გამოიკვლიოს საქართველოში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება
  • ინტერვიუ კონგრესმენ უილსონთან

ქართლოს შარაშენიძე

ქართლოს შარაშენიძე

Kartlos Sharashenidze is co-founder, executive editor, and Georgian Service managing editor of Independence Avenue Media, with expertise in U.S. foreign policy and Eurasian geopolitics. A former documentarian and reporter at Voice of America, he got his start in his native Georgia at Georgian Public Broadcaster and Imedi TV.

logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Donate Now

© 2025 Independence Avenue Media

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო

© 2025 Independence Avenue Media