აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ახლახან, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე დასათანხმებლად, რუსეთისვის განსაზღვრული 50-დღიანი ულტიმატუმი, 10 დღემდე შეამცირა.
„დალოდების მიზეზი არ არსებობს“, თქვა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კიარ სტრამერთან შეხვედრისას პრეზიდენტმა ტრამპმა – „მინდა გულუხვი ვიყო, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ვერანაირ პროგრესს ვერ ვხედავთ“.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის, პრეზიდენტმა ტრამპმა 50-დღიანი ულტიმატუმი 14 ივლისს, ვაშინგტონში ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას გამოაცხადა. 28 ივლისს, დიდ ბრიტანეთში ვიზიტისას მან თქვა, რომ ახლი ულტიმატუმის ვადა 10-12 დღე იქნებოდა, ერთი დღის შემდეგ კი ვლადიმირ პუტინს 10 დღე მისცა. მიმომხილველთა ნაწილი, პრეზიდენტის ულტიმატუმებს სკეპტიკურად უყურებს. აშშ-ის ცენტრალუსი სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ დონალდ ტრამპმა დაინახა, რომ ვლადიმირ პუტინის ნდობა არ შეიძლება.
„ვფქირობ, ტრამპს გულწრფელად სჯეროდა, თუ პუტინთან საუბარს და [მასთან] მუშაობას შეძლებდა, საბოლოოდ ასევე შეძლებდა მის დარწმუნებას სწორი ნაბიჯების გადადგმაში. მას სურდა ეს მიდგომა გამოეცადა“, – უთხრა ლეონ პანეტამ Independence Avenue Media-ს და დასძინა, „ვფქირობ, ახლა მან იცის, მთავარი ისაა, რომ უბრალოდ არ შეგიძლია პუტინს ენდო, რომ მას მხოლოდ ძალის ესმის და არა საუბრის“.
დაზვერვის ცენტრალური სააგენტოსა და პენტაგონის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილების საფუძველზე, პანეტა ამბობს, რომ ამერიკის დაზვერვის თანამეგობრობას დიდი ხანია ესმის, რომ „თუ პუტინი სისუსტეს იგრძნობს, ის მას გამოიყენებს. ეს მისი ისტორიაა. სწორედ ეს არის ის, რასაც ის აკეთებს“.
„მას ძალის ესმის და არა სიტყვებს“, – თქვა პანეტამ და აღწერა შეხედულება, რომელსაც კაპიტოლიუმის ბორცვზე სულ უფრო ხშირად იზიარებენ.
ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ რუსეთის ომით უკრაინაში.
„რა გზავნილიც არ უნდა გავუგზავნოთ პუტინს, იგივე გზავნილი უნდა გვქონდეს [პრეზიდენტ] სი [ძინპინისთვის] ჩინეთში“, – თქვა მან და ხაზი გაუსვა აშშ-სა და ნატოს ერთიანი ფრონტის აუცილებლობას ავტოკრატებთან გამკლავებაში, იქნება ეს რუსეთი, ჩინეთი თუ ჩრდილოეთ კორეა.
„ვფიქრობ, ტრამპი ახლა ხვდება, რომ სამყარო ისეთი არ არის, როგორიც ჩვენ გვინდა რომ იყოს, სამყარო ისეთია, როგორიც ის არის“, – თქვა მან.
ისტორიის გაკვეთილები, მისი თქმით, მოითხოვს, რომ აშშ ამაში ჩართული იყოს.
ლეონ პანეტას, ქართლოს შარაშენიძე 2025 წლის 25 ივლისს ესაუბრა. ინტერვიუ რედაქტირებულია ლაკონურობისა და სიცხადისთვის.
Independence Avenue Media, ქართლოს შარაშენიძე: მდივანო პანეტა, დავიწყოთ 50-დღიანი ულტიმატუმით, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა, რუსეთს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთვის მისცა. რა მოლოდინი გაქვთ 51-ე დღესთან დაკავშირებით, თუ რუსეთი ამ ულტიმატუმს არ მიიღებს?
CIA-ის ყოფილი დირექტორი და თავდაცვის ყოფილი მდივანი, ლეონ პანეტა: არასდროს, არაფერში არ ენდო პუტინს – ეს იყო ჩემი მთავარი მიდგომა რუსეთისა და პუტინის მიმართ, ჯერ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, შემდეგ კი თავდაცვის მდივნის პოზიციაზე მუშაობისას და ვფიქრობ, დღეაც იგივე მდგომარეობაა. ვფიქრობ, პრეზიდენტმა [დონალდ ტრამპმა] განსაკუთრებით უნდა იფრთხილოს, არ ენდოს არაფერს, რასაც [ვლადიმირ] პუტინი ამბობს.
ახლა უკრაინაში მოქმედების საუკეთესო კურსი, უკრაინელებისთვის იმ შეიარაღების მიწოდებაა, რომელიც მათ ეფექტიანი თავდაცვისთვის სჭირდებათ. ამასთან, პუტინისთვის იმის ცხადყოფა, რომ უკრაინაში წარმატებას ვერ მიაღწევს. ეს უნდა იყოს ჩვენი უმნიშვნელოვანესი გზავნილი პუტინისთვის — უკრაინაში წარმატებას ვერ მიაღწევ და ყველა შესაძლებელ ზომას მივიღებთ იმაში დასარწმუნებლად, რომ შენ წარმატებას ვერ მიაღწევ.
ეს არის ის გზავნილი, რომელიც მან უნდა გაიგოს, თუ ოდესმე გვსურს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების გზა ვპოვოთ. ეს პუტინთან, ძალის პოზიციიდან უნდა გაკეთდეს — არა სისუსტის, არამედ ძალის პოზიციიდან.
შარაშენიძე: ფიქრობთ, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია პუტინს ამგვარად მკაფიო, ძლიერ გზავნილს უგზავნის ან გაქვთ მოლოდინი, რომ მომავალში უფრო მკაცრ პოზიციონირებას ვიხილავთ?
პანეტა: ჩემთვის სასიამოვნოა ფაქტი, მიუხედავად იმისა, რომ ამას გარკვეული დრო დასჭირდა, რომ პრეზიდენტ [ტრამპს] ესმის, რომ მას არ შეუძლია პუტინის სიტყვას ენდოს. [პრეზიდენტი ტრამპი] ცეცხლის შეწყვეტას დაჟინებით მოითხოვდა. [უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ] ზელენსკი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა. პუტინმა უარი თქვა ცეცხლის შეწყვეტაზე – აჭიანურებდა, საუბარს აგრძელებდა, მაგრამ ის არასდროს იყო მზად ცეცხლის შეწყვეტისთვის. პუტინი, არსებითად, თვლის, რომ უკრაინაში წარმატების მისაღწევად ყველაფერი უნდა გააკეთოს, რაც შეუძლია. ამიტომ, ვფქირობ პრეზიდენტი [დონალდ ტრამპი] ახლა ხვდება, რომ პუტინის ნდობა არ შეიძლება, რომ თუ პუტინთან აპირებ ურთიერთობას, ერთადერთი, რისიც მას ესმის არის მოქმედება და არა სიტყვები.
პრეზიდენტმა [ტრამპმა] უნდა გააგრძელოს უკრაინისთვის საჭირო იარაღის მიწოდება, განსაკუთრებით „პატრიოტის“ რაკეტების, რათა მათ საკუთარი ქვეყნის დაცვა შეძლონ. და მეორე, [საჭიროა] ჩვენ გავაგრძელოთ პუტინზე ზეწოლა, რათა გააცნობიეროს, რომ მას სხვა არჩევანი არ აქვს გარდა იმისა, რომ საბოლოოდ დაჯდეს და უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რაიმე სახის მოლაპარაკება სცადოს.
ამას დასჭირდება დიპლომატიური ზეწოლა და ასევე ჩვენება, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ვცადოთ ამ ომში უკრაინას მხარი დავუჭიროთ.
შარაშენიძე: პრეზიდენტ ტრამპის გეგმა ასევე მოიცავს უკრაინის იარაღით მომარაგებას იმ დათქმით, რომ საფასურს ნატოსა და ევროკავშირის წევრები გადაიხდიან. როგორ ხედავთ ამ ზიარ პასუხისმგებლობას? რამდენად ხელსაყრელი და რეალისტურია ეს უკრაინის მიმდინარე საჭიროებებისთვის?
პანეტა: უკრაინის გადმოსახედიდან, ვფიქრობ ისინი მზად უნდა იყვნენ ნებისმიერი საშუალებით იმუშაონ საჭირო იარაღის მისაღებად. ეს მიდგომა მუშაობს. ნატო ახლა უფრო ერთიანია, ვიდრე როდესმე. ნატო აცნობიერებს, რომ ძლიერ ალიანსად უნდა დარჩნენ არა მხოლოდ პუტინთან დასაპირისპირებლად, არამედ ასევე ევროპის სხვა ყველა საფრთხესთან დასაპირისპირებლად.
ვფიქრობ, ნატოსთან მუშაობის ახლანდელი მიდგომა, რომელიც მათ საშუალებას აძლევთ მიიღონ შეიარაღება [შეერთებული შტატებისგან], რომელსაც უკრაინას მიაწვდიან, მუშოაბს. ჩვენ უნდა დავნერგოთ ყველა პრაქტიკა, რაც მუშაობს და ამავდროულად, პრეზიდენტმა [ტრამპმა] რუსეთზე ეკონომიკური სანქციებით ზეწოლა უნდა გააგრძელოს. სენატი მზად იყო, მკაცრი სანქციების შესახებ წარმოდგენილი კანონპროექტი მიეღო. ტრამპმა ამაზე ისაუბრა, თუმცა ვფიქრობ, რომ დადგა დრო, პუტინზე ზეწოლის გასაორმაგებლად სანქციები ამოქმედდეს.
შარაშენიძე: რამდენად სწრაფად შეუძლია აშშ-ს და ნატოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, განსაკუთრებით, როცა ეს პროცესი რამდენიმე ქვეყნის კოორდინირებულ მუშაობას მოითხოვს? არსებობს უფრო სწრაფი და ეფექტიანი გზა იმისთვის, რომ ეს სისტემები უკრაინულ ხელში რაც შეიძლება სწრაფად მოხვდეს?
პანეტა: ვფიქრობ, ჩვენი საუბრის პარალელურად ეს უკვე ხდება. ჩვენმა ნატოს მოკავშირეებმა, „პატრიოტის“ რაკეტები უკვე მიიღეს და პრეზიდენტმა თქვა, რომ მეტს გავგზავნით. ამას დრო ყოველთვის სჭირდება, ზოგჯერ ძალიან დიდი დრო. მაგრამ, [პოზიტიური] ფაქტია, რომ ისინი უკვე იღებენ ამ შეიარაღების სისტემებს. რაც უფრო მეტად შევძლებთ გავაფართოოთ უკრაინისთვის ამ შეიარაღების მიწოდება, მეტად უკეთეს პოზიციაში ვიქნებით იმისთვის, რომ პუტინმა ძალიან ნათლად გააცნობიეროს, არც ერთ გარემოებაში არ დავუშვებთ მან წარმატებას მიაღწიოს. ეს არის გზავნილი, რაც მან ხმამაღლა და ცხადად უნდა მოისმინოს.
შარაშენიძე: თქვენ აღნიშნეთ, რომ CIA-ის დირექტორობისას, „არასდროს ენდო პუტინს“ თქვენი მთავარი მიდგომა იყო. ამ გამოცდილებაზე დაფუძნებით, როგორ ფიქრობთ, აშშ-ს, დასავლეთს, რამდენად კარგად ესმის ვლადიმირ პუტინის სტრატეგია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ის ორ ათწლეულზე მეტია რუსეთს მართავს?
პანეტა: დაზვერვის თანამეგობრობა დიდი ხანია იცნობს პუტინს. შემიძლია გავიხსენო, როცა დირექტორი ვიყავი და ჩემს რუს კოლეგებთან დისკუსია მქონდა, რათა მეცადა მენახა შევძლებდით თუ არა გარკვეულ საკითხებზე ერთად მუშაობას, CIA-ში ბევრმა მითხრა – „ნუ ფლანგავ დროს“, რადგან ისინი რუსებს უბრალოდ არ ენდობოდნენ. დაზვერვის სფერო აცნობიერებს, ვისთან აქვს საქმე.
ვფქირობ, ტრამპს გულწრფელად სჯეროდა, თუ პუტინთან საუბარს და [მასთან] მუშაობას შეძლებდა, საბოლოოდ ასევე შეძლებდა მის დარწმუნებას სწორი ნაბიჯების გადადგმაში. მას სურდა ეს მიდგომა გამოეცადა. ვფქირობ, ახლა მან იცის, მთავარი ისაა, რომ უბრალოდ არ შეგიძლია პუტინს ენდო, რომ მას მხოლოდ ძალის ესმის და არა საუბრის.
ახლა მეტად დარწმუნებული ვარ, რომ ვაშინგტონში პოლიტიკოსებს ახლა ესმით, რომ თუ პუტინთან ურთიერთობა გინდა, ძალის პოზიციიდან უნდა იმოქმედო. რადგან, თუ პუტინი სისუსტეს გრძნობს, ის ამას გამოიყენებს. ეს არის მისი ისტორია, სწორედ ამას აკეთებს ის. შესაბამისად, ახლა ძალიან ძლიერები უნდა ვიყოთ.
შარაშენიძე: როგორც თავდაცვის ყოფილი მდივანი, როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს რეალისტური და მდგრადი უსაფრთხოების სისტემა უკრაინისთვის, ომის დასრულების შემდეგ? რა სახის უსაფრთხოების გარანტიები იქნება საჭირო, რუსეთის მომავალი აგრესიის თავიდან ასაცილებლად?
პანეტა: ვფიქრობ, ჩვენ მკაფიო გზავნილი უნდა გვქონდეს. ვფიქრობ, პუტინისთვის ნათლად უნდა იყოს ცნობილი, რომ თუ რაიმე სახის ცეცხლის შეწყვეტა ან ომის მოგვარება იქნება, შეერთებული შტატები ნატოელ მოკავშირეებთან ერთად გააგრძელებს უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერას და თუ რუსეთი მომავალში იგივეს გაკეთებას შეეცდება, ისინი კვლავ ძალის პოზიციიდან დახვდებიან.
ქართლოს: ნება მომეცით ჩინეთზე გადავერთო, იმის გათვალისწინებითაც, თუ რამდენად ღრმა თანამშრომლობა აქვთ პეკინსა და მოსკოვს, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის განმავლობაში. რა ნაბიჯები უნდა გადადგას შეერთებულმა შტატებმა იმისთვის, რომ რუსეთისადმი ჩინეთის მხარდაჭერა შეზღუდოს? ასევე, ხომ არ ფიქრობთ, რომ ჩინეთისადმი პრეზიდენტ ტრამპის ამჟამინდელი მიდგომა, განსხვავდება მიდგომისგან, რომელიც მას თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ჰქონდა?
პანეტა: მოგვიწევს დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა ვფრიქრობ, თეთრი სახლისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ რა გზავნილიც პუტინისთვის გვაქვს, იგივე გზავნილი უნდა გვქონდეს [პრეზიდენტ] სი [ძინპინისთვის] ჩინეთში. ეს ნიშნავს, რომ თუ სი შეეცდება შეიჭრას ტაივანში, შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან ერთად უპასუხებს, რათა მხარი დაუჭიროს ტაივანს. ეს არის გზავნილი, რომელიც სი ძინპინმა უნდა მოისმინოს.
ჩინეთი და რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა ავტოკრატიებია. ისინი ერთად მუშაობას ცდილობენ. ჩრდილოეთ კორეა, [უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად] რუსეთში თავის ჯარისკაცებს აგზავნის. ჩინეთი ცდილობს, რუსეთს სამხედრო და ეკონომიკური დახმარება გაუწიოს. გვესმის, რომ ჩვენ საქმე ავტოკრატებთან გვაქვს, რომლებიც ცდილობენ ითანამშრომლონ.
ვფიქრობ გზავნილი ავტოკრატიებისთვის – ჩინეთისთვის, რუსეთისთვის, ჩრდილოთ კორეისთვის ისაა, რომ შეერთებული შტატები, ამ ქვეყნებიდან მომდინარე საფრთხეებთან დასაპირისპირებლად, თავის მოკავშირეებთან ერთად იმუშავებს. აი ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ნატო ძლიერი იყოს. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ჩვენს წყნარი ოკეანის მოკავშირეებთან, როგორიცაა სამხრეთ კორეა, იაპონია, ავსტრალია, ინდოეთი და სხვები, რათა ჩინეთს ნათლად ავუხსნათ, რომ მათ არა მხოლოდ შეერთებული შტატები, არამედ შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები დახვდებიან, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი სახის აგრესია მსოფლიოს ამ ნაწილში.
შარაშენიძე: კიდევ ერთი რეგიონი, რომელთან დაკავშირებითაც თქვენი აზრი მაინტერესებს, სამხრეთ კავკასიაა. უკრაინის წინააღმდეგ მისი ომის ფონზე, როგორც ჩანს, რეგიონის ნაწილში რუსეთის გავლენა სუსტდება. როგორი უნდა იყო რეგიონის მიმართ შეერთებული შტატების პოლიტიკა? რატომ არის სამხრეთ კავკასია შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი?
პანეტა: ვფიქრობ, ამ ომის დაწყებით, რუსეთმა თავი მნიშვნელოვნად დაიზიანა. თავდაპირველად, პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინაში შეიჭრებოდა და ის რამდენიმე დღეში ჩამოიშლებოდა. ეს არ მოხდა. გულწრფელად რომ ვთქვა, ეს ასევე მოულოდნელობა იყო დაზვერვის ბევრი ოფიციალური პირისთვისაც. ისინი ფქირობდნენ, რომ პუტინი და რუსული ჯარი, ამის გასაკეთებლად საკმარისად ძლიერი იქნებოდნენ. ეს არ მოხდა, რუსეთმა საფასური გადაიხადა. მათ ამ ომში ძალიან ბევრი რუსი ჯარისკაცი დაკარგეს. ისინი საფასურს იხდიან თავისი ეკონომიკითაც, თავისი სიძლიერის ხარჯზეც. შედეგად, ვფიქრობ რუსეთი დღეს იმაზე სუსტია, ვიდრე იმ დღეს, როცა უკრაინის წინააღმდეგ ომი წამოიწყო.
ამის მიუხედავადაც, არ ვფიქრობ, რომ სათანადოდ არ უნდა შევაფასოთ ის, რის გაკეთებასაც პუტინი შეეცდება. არ ვფიქრობდით, რომ ის უკრაინაში შეიჭრებოდა, მაგრამ მან ეს გააკეთა. არ ვფიქრობდით, რომ ის ყირიმს აიღებდა, მაგრამ ეს გააკეთა. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ის სათანადოდ არ შევაფასოთ. ნატოს, ევროპის ქვეყნები, მუდამ ფხიზლად უნდა იყვნენ, რათა დარწმუნდნენ, რომ ყველაფერს აკეთებენ, ნებისმიერი რუსული აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვის უზრუნველყოფისთვის.
შარაშენიძე: ვაშინგტონში, ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკას ბევრი აღწერს, როგორც უფრო მეტად ტრანზაქციულს, ვიდრე სტრატეგიულს. იზიარებთ ამ შეხედულებას? რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს აშშ-ის ეროვნულ ინტერესებზე, ამგვარ მიდგომას?
პანეტა: ვფიქრობს, ამ ქვეყანაში ეს ხდება ყოველთვის, როცა ადმინისტრაციებს ვცვლით. ახალი ადმინისტრაცია მოდის და მას უწევს მსოფლიოს შეხედოს. მას უწევს სხვადასხვა მიმართულებით არსებულ პოლიტიკას გადახედოს და გადაწყვიტოს რა იქნება ამ ადმინისტრაციის პოზიცია, მიდგომა.
ვფიქრობ, ტრამპმა ეს გაიარა. ვფიქრობ, თავდაპირველად ტრამპი ფიქრობდა, რომ როგორღაც შეერთებული შტატები შეძლებდა, დანარჩენი სამყაროსგან განზე გამდგარიყო, რომ ჩვენი ალიანსებიდან გამოვსულიყავით, რომ შეგვეძლებოდა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე გვეზრუნა. მაგრამ, მან აღმოაჩინა, რომ ეს ასე არ არის. არ შეგვიძლია ამის გაკეთება. შეერთებულ შტატებს არ შეუძლია უბრალოდ განზე გადგეს.
ეს ახლო აღმოსავლეთში თვალნათლივ ვიხილეთ. თავდაპირველად, შეერთებულ შტატებს არ სურდა ახლო აღმოსავლეთში ომში ჩართულიყო, მაგრამ იმის გამო, რაც ირანმა გააკეთა, რითიც ის იმუქრებოდა და იმის გამო, რომ ცდილობდა ბირთვული ძალა გამხდარიყო, ცხადი იყო, რომ შეერთებულ შტატებს უნდა ემოქმედა. და ჩვენ ვიქმოქმედეთ. ვფიქრობ, ტრამპს ახლა ესმის, რომ სამყარო ისეთის არ არის, როგორიც ჩვენ გვსურს ის იყოს. ეს ხიფათით სავსე სამყაროა. ეს სამყარო სახიფათოა რუსეთის, ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეის, ირანის გამო. ეს სამყარო სახიფათოა ტერორისტების გამო.
სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ სახიფათო სამყაროში ვცხოვრობთ, შეერთებულ შტატებს მოუწევს სამყაროს ლიდერი იყოს, მოგვიწევს ჩვენს მოკავშირეებთან ვიმუშაოთ, მოგვიწევს ძლიერები ვიყოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ დავიცავთ ჩვენს ღირებულებებს და რწმენას მათგან, ვინც ეცდება დემოკრატიების განადგურებას.