• English
  • Українська
  • Русский
Donate Now
No Result
View All Result
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Independence Avenue Media
Home რჩეული

ბორშჩევსკაია: რუსეთი ახლო აღმოსავლეთში ფრთხილად და თავშეკავებით თამაშობს

რა სარგებელს შეიძლება იღებდეს რუსეთი, თავის მოკავშირე ირანის წინააღმდეგ, შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიმდინარე ოპერაციით?

კირილ სუხოტსკიby კირილ სუხოტსკი
მარტი 18, 2026
Photo archive. Photo illustration.
Background features a map sourced from OpenStreetMap.

The photo of Vladimir Putin and Donald J. Trump was taken in Alaska in 2025, during a meeting between U.S. President Trump and Russian President Putin.

Photo archive. Photo illustration. Background features a map sourced from OpenStreetMap. The photo of Vladimir Putin and Donald J. Trump was taken in Alaska in 2025, during a meeting between U.S. President Trump and Russian President Putin.

A A
Summarize with ChatGPTShare on X
🔊

ანნა ბორშჩევსკაია, ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ამბობს, რომ სარგებელი, რომელსაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტიდან მოსკოვი იღებს, უფრო ღრმაა, ვიდრე ნავთობის ფასების ზრდითა და დასავლეთის სანქციების დროებით მოხსნით მიღებული მოკლევადიანი სარგებელია.

Independence Avenue Media-სთან საუბრისას ის ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „უფრო დიდ თამაშს თამაშობს“ — ის რუსეთს შეერთებული შტატების, სპარსეთის ყურის ქვეყნებისა და ისრაელის წინაშე „შეუცვლელ“ მოთამაშედ წარმოაჩენს, რომელსაც კრიზისის შუამავლობა შეუძლია — და ამავდროულად, ირანის რეჟიმს სადაზვერვო ინფორმაციით ამარაგებს, რათა მას ბრძოლის გაგრძელებაში დაეხმაროს.

ამასთან, რუსეთი კვლავაც პრიორიტეტს ანიჭებს უკრაინაში თავის მაქსიმალისტურ მიზნებს, იმ იმედით, რომ შეერთებული შტატები და დასავლეთი სხვა საკითხებზე იქნებიან კონცენტრირებულნი.

ბორშჩევსკაია, რომელიც მანამდე კონსულტაციებს უწევდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, მიიჩნევს, რომ „ეს ჭადრაკის უფრო დიდი დაფაა, სადაც უკრაინა პრიორიტეტულია, მაგრამ ახლო აღმოსავლეთი, ამ მიმდინარე პრიორიტეტში, ძალიან მნიშვნელოვან, განუყოფელ როლს ასრულებს“.

ინტერვიუ ჩაწერილია 17 მარტს, რედაქტირებულია სიცხადისა და ლაკონურობისთვის.

კირილ სუხოტსკი, Independence Avenue Media: კმაყოფილია, ვლადიმირ პუტინი, ირანში მიმდინარე მოვლენებით? 

ანნა ბორშჩევსკაია, ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტი: მოკლევადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, ვლადიმირ პუტინი კმაყოფილია. ამის ყველაზე ცხადი მიზეზი, რისი დანახვაც ნათლად შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ნავთობის მომატებული ფასი და რუსეთზე სანქციების დროებით მოხსნაა. 

სუხოტსკი: როცა საქმე ნავთობს ეხება, ცხადია, ამ კუთხით, დასავლეთი ყველაზე ცუდი სცენარის წინაშე დგას. ფიქრობთ, რომ მოვლენების ასე განვითარება, რუსეთისთვის საუკეთესო სცენარია? 

ბორშჩევსკაია: ძნელი წარმოსადგენია რა შეძლება იყოს [რუსეთისთვის] მოვლენების ამაზე უკეთესი განვითარება, თუ რა თქმა უნდა, სანქციები მუდმივად არ მოიხსნება და ეს, რა თქმა უნდა, ნაკლებად სავარაუდოა. მთავარი კითხვაა, რამდენი ხანი გაგრძელდება ეს? რამდენი ხანი მიიღებს კრემლი ამ დამატებით შემოსავალს? ეს მხოლოდ კვირების საკითხია? თვეების? ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტორებია. 

თუმცა, როგორც სულ რაღაც გასულ ერთ კვირაში უკვე ვნახეთ, კრემლი ყოველდღიურად $150 მილიონზე მეტ შემოსავალს იღებს, რომელსაც, რა თქმა უნდა, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ძალისხმევას მოახმარს. ეს ხდება ზუსტად მაშინ, როცა ბრძოლის ველზე ის საუკეთესოდ არ გამოიყურება. ამიტომ, სულ მცირე მოკლევადიან პერსპექტივაში ან თუნდაც უახლოეს მომავალში, მოვლენების ასეთი განვითარება პუტინისთვის საკმაოდ ხელსაყრელია. 

სუხოტსკი: ცდილობს პუტინი, ეს მოკლევადიანი სარგებელი, გრძელვადიან უპირატესობად აქციოს? მაგალითად, თქვენ მიერ ნახსენები სანქციების მოხსნა — ახლა ისინი ერთი თვითაა მოხსნილი. აქვს თუ არა მოლოდინი, რომ შეძლებს პრეზიდენტი ტრამპი და სხვა დასავლელი ლიდერები დაარწმუნოს, რომ სანქციების უფრო ხანგრძლივად მოხსნა უპრიანი შეიძლება იყოს? 

ბორშჩევსკაია: ვფიქრობ, პუტინი უფრო დიდ თამაშს თამაშობს. თუ უფრო დიდ სურათს შევხედავთ, სანქციები და ნავთობის ფასი მოზაიკური თავსატეხის მხოლოდ ერთი ნაწილია. 

ირანის რეჟიმზე დარტყმები რუსეთს უამრავ კითხვას უჩენს. მაგრამ, ამასთან ერთად, მიმდინარე ქაოსი, რომელშიც მთელი ახლო აღმოსავლეთია მოქცეული, რუსეთისთვის უფრო დიდ შესაძლებლობებს ქმნის, რომლებიც არა მოკლევადიანი, არამედ უფრო გრძელვადიანია ან, სულ მცირე, საშუალო ვადიანი. 

ერთი რამ ფაქტია, ნავთობის ფასების ფაქტორის გამო თუ მის გარეშე, შეერთებული შტატებისა და ზოგადად, დასავლეთის ყურადღება უკრაინაზე კონცენტრირებული არ არის. დასავლეთის ყურადღების ახლო აღმოსავლეთზე ფოკუსირება, რუსეთისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობაა. 

ნებისმიერი კრიზისი შესაძლებლობებს ქმნის მათთვის, ვინც ამის მართვა იცის და იცის როგორ მიიღოს ამისგან სარგებელი. პუტინმა იცის როგორ ისარგებლოს კრიზისებით, ეს მისი გააზრებული მიდგომაა, ეს არ არის შემთხვევითი. 

ამგვარად, პუტინი ორ რამეს აკეთებს — ის საჯაროდ გმობს შეერთებულ შტატებს მაშინ, როცა ცდილობს რუსეთი აღქმული იყოს გონივრულ მოთამაშედ და წარმოაჩენს, რომ მას შეუძლია კრიზისში შუამავლის როლი შეასრულოს. ამასთან, რუსეთი ფარულად ეხმარება ირანის რეჟიმს და ეს მარტივად პროგნოზირებადი იყო. 

რაც რუსეთს არ სურს, ეს ირანის რეჟიმისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევაა, რაც მას შეერთებულ შტატებთან უშუალოდ დააპირისპირებდა. ეს რუსეთისთვის გონივრული ნაბიჯი არ იქნებოდა. ეს არ არის ბრძოლა, რომელში ჩართვაც პუტინს სურს. ამის ნაცვლად, პირდაპირი სამხედრო დახმარების გარდა, ყველა აქტივობაში ჩართულია. 

ვიხილეთ „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთი ირანს სადაზვერვო ინფორმაციას უზიარებს. ეს სრულებით არ იყო მოულოდნელი. რა თქმა უნდა, მე ამ ცნობების გადამოწმება არ შემიძლია, მაგრამ იმის გათვალისწინებთ, რა მხარდაჭერასაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთი ირანს უწევს, ეს ნამვილად იქნებოდა იმ ტიპის დახმარებებს შორის, რასაც თეირანი მოსკოვისგან მიიღებდა. 

ასე რომ, ეს არის ძალიან მიზანმიმართული სტრატეგია იმისთვის, რომ ირანს შეერთებული შტატების მეტი ყურადღება, ენერგია და რესურსი დაეთმოს. გულწრფელად რომ ვთქვა, მე ასევე დავაკვირდებოდი ყველა სხვა შესაძლებლობას, რომლითაც რუსეთს [აშშ-სთვის] საქმის გართულება შეუძლია — როგორც ირანის გარეთ, ასევე მთლიანად რეგიონში. 

მნიშვნელოვანი საკითხი იქნებოდა, მაგალითად, რა სახის დახმარებას უწევს რუსეთი ირანის მარიონეტებს, კერძოდ, [იემენში ბაზირებულ] ჰუტებს, [ლიბანში ბაზირებულ] ჰეზბოლას და [ღაზაში ბაზირებულ] ჰამასს. ასევე, ყურადღებით დავაკვირდებოდი ნებისმიერ დეზინფორმაციულ კამპანიას რეგიონში. ამ გზით, რუსეთს ნამდვილად შეუძლია ცეცხლზე ნავთის დასხმა. 

სუხოტსკი: როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, პუტინი ნამდვილად ცდილობს, ირანის კრიზისში, თავი მთავარ შუამავლად წარმოაჩინოს. ასევე გავრცელდა ცნობები, რომ ირანიდან გამდიდრებული ურანის გამოსატანად და რუსეთში შესანახად, ვლადიმირ პუტინმა, დონალდ ტრამპს რუსეთის ჯარების გამოყენება შესთავაზა. პრეზიდენტმა ტრამპმა უარი თქვა ამ ცნობების საჯაროდ უარყოფაზე. ეს ის თამაშია, რის თამაშსაც პუტინი ცდილობს? 

ბორშჩევსკაია: ვფიქრობ, ეს ამაზე უფრო ფართო თამაშია. ირანის ბირთვული მასალის წაღების შეთავაზება მხოლოდ ერთი მცდელობა იყო. ამან არ იმუშავა, ასე რომ, პუტინი ალბათ ახლა სხვა რამეს შეეცდება. გულწრფელად რომ ვთქვათ, ამ ეტაპზე, ისრაელის მხრიდან უკიდურესად გულუბრყვილო იქნებოდა იმის მოლოდინი, რომ რუსეთი ნეიტრალური შუამავლის როლს შეასრულებს — განსაკუთრებით ირანის ბირთვული პროგრამის საკითხში. თუმცა, მე ამას ასე შევხედავდი: ეს პუტინის ერთი მცდელობა იყო, რომელიც არ გამოუვიდა. ახლა ის სხვა რამეს შეეცდება. 

სუხოტსკი: ახლო აღმოსავლეთში ამ თამაშის პარალელურად, მოსკოვი კვლავ ფოკუსირებული რჩება უკრაინასა და ევროპაზე? ალბათ, რუსეთისთვის ახლა ეს უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. თუ მოსკოვი შეძლებს ახლო აღმოსავლეთში ამ თამაშით ერთგვარი მომლაპარაკებელის როლი მიიღოს, შეეცდებიან ამით ტრამპის ადმინისტრაციის კეთილგანწყობის მოპოვებას იმ იმედით, რომ ამით უკრაინასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში უპირატესობას მოიპოვებენ? 

ბორშჩევსკაია: ახლა, უკრაინა დანამდვილებით არის პუტინის პრიორიტეტი. ახლო აღმოსავლეთში პუტინის ნებისმიერი ქმედება ამას ითვალისწინებს. პუტინმა იცის, როგორ ფოკუსირდეს ერთდროულად რამდენიმე პრიორიტეტზე. უბრალოდ, ეს უფრო დიდი თამაშია, ეს ჭადრაკის უფრო დიდი დაფაა, სადაც უკრაინა პრიორიტეტულია, მაგრამ ამ მიმდინარე პრიორიტეტში, ახლა ახლო აღმოსავლეთი განუყოფელ როლს ასრულებს. ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ პუტინი ნამდვილად შეეცდება გაარკვიოს, როგორ შეუძლია წარმართოს უკრაინის მოლაპარაკებები ზუსტად ისე, როგორც თქვენ აღწერეთ. 

ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ დონალდ ტრამპს უბრალოდ უკრაინის კრიზისის მოგვარება სურს. აქ მოლოდინებისა და პრიორიტეტების შეუსაბამობაა, რადგან ირანზე დარტყმებამდე ტრამპმა მიანიშნა, რომ მას უკრაინაში ომის დასრულება სურს. პუტინმა თავისი ტრადიციული თამაში ითამაშა, სადაც ერთი მხრივ ამბობს „კი“, მაგრამ მისი ქმედებები აშკარად აჩვენებს, რომ ის არსად ჩქარობს. 

უკრაინა შუაში აღმოჩნდა — ამ უკიდურესად რთულ მდგომარეობაში, სადაც მასაც სურს ომის დასრულება, მაგრამ არა ისე, რომ ეს კაპიტულაცია იყოს, რადგან რუსეთის წინაშე კაპიტულაცია ნამდვილ მშვიდობას არ მოიტანს. 

ვფიქრობ, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთ თავშეკავებას იჩენს და მოთმინებით მუშაობს თავისი მიზნის მისაღწევად და ეს მიზანი ახლა უკრაინაა. 

სუხოტსკი: ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი უკრაინის შეშფოთების მიზეზი უნდა იყოს? რა ნაბიჯებს დგამს უკრაინა, იქნება ეს ახლო აღმოსავლეთში თუ სხვაგან, იმისთვის, რომ მოსკოვმა ამ უპირატესობის მოპოვება ვერ შეძლოს? 

ბორშჩევსკაია: ეს ნამდვილად უნდა იყოს უკრაინის შეშფოთების საგანი. მაგრამ, კიევს ცხადად ესმის რა თამაშს თამაშობს პუტინი. მათ, ამ ომში, ძალიან სწრაფად, ძალიან სწორად იმოქმედეს — დახმარება შესთავაზეს სპარსეთის ყურის ქვეყნებს, რომლებსაც ირანი დრონებით დაესხა თავს. 

კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტმა [ვოლოდიმირ] ზელენსკიმ სამხედრო მრჩევლები და ტექნიკური ექსპერტები გაგზავნა და ასევე შესთავაზა სპარსეთის ყურის ქვეყნებს დრონების მიყიდვა. ვფიქრობ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინელები ძალიან კარგად ხვდებიან, თუ რა თამაშს თამაშობს რუსეთი და მსხვერპლის როლის თამაშის ნაცვლად, ისინი პროაქტიურად მოქმედებენ, აჩვენებენ რა წარმოუდგენლად მნიშვნელოვან აქტივს წარმოადგენენ დასავლეთისა და დასავლეთის ინტერესებისთვის, ამ რეგიონში. 

სუხოტსკი: როცა დიდ თამაშზე ვსაუბრობთ, ახლო აღმოსავლეთში რუსეთის გავლენა, ტრადიციულად, ორ მთავარ მოკავშირეზე იყო დაფუძნებული — ირანსა და სირიაზე. ცხადია, ბაშარ ალ-ასადი სირიის პრეზიდენტი აღარ არის, ირანი კი შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან ომშია ჩართული. ფიქრობთ, რომ რუსეთისთვის რეგიონში ეს საყრდენები ჩამოიშალა, თუ როგორც თქვით, ახლა რუსეთის ფსონს რეგიონში ქაოსზე დებს? 

ბორშჩევსკაია: არ მგონია, რომ გავლენისა და ახლო აღმოსავლეთზე წვდომის თვალსაზრისით, ბაშარ ალ-ასადის დამხობით რუსეთმა ისეთი მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა, როგორც ამას ბევრი დამკვირვებელი იმედოვნებდა. მართლაც, მრავალი თვალსაზრისით, რუსეთის გავლენა რეგიონში, ძირითადად, ანტიამერიკულ ძალებზე იყო დამოკიდებული — ბოლო დრომდე, ასადის რეჟიმზე, ირანსა და მათ მოკავშირეებზე. 

თუმცა, რუსეთმა კვლავ გაცილებით დიდი თამაში ითამაშა ახლო აღმოსავლეთში. ეს არ იყო უბრალოდ ალიანსი ამერიკის მოწინააღმდეგეებთან. რუსეთმა პარტნიორობა დაამყარა რეგიონში არსებულ ყველა აქტორთან. ეს არის მოქნილი მიდგომა, რომელიც ერთდროულად მოიცავდა ყველასთან მუშაობას და ამავდროულად, ანტიამერიკულ აქტორებზე უფრო მეტად დაყრდნობას. 

სწორედ ამიტომ მოახერხა რუსეთმა თავისი პოზიციების აღდგენა. უპირველესად, ასადის შემდგომ სირიაში ჩვენ აშკარად ვხედავთ რუსეთის დაბრუნებას — ნელ, გრძელვადიან პროცესს. რუსეთი იქ ხანგრძლივ თამაშს თამაშობს და ამ ეტაპზე ეს რეგიონი მისთვის ნამდვილად არ არის პრიორიტეტი. 

რაც შეეხება ირანის ამჟამინდელ რეჟიმს. თუ ირანში ამჟამინდელი რეჟიმი დაეცემა, ეს რუსეთისთვის მართლაც დიდი უკანდახევა იქნება, უფრო მეტად, ვიდრე ასადის დაცემა, რადგან ირანი უფრო დიდი ქვეყანაა, რომელსაც რეგიონში გაცილებით დიდი გავლენა აქვს. თუმცა, ეს რუსეთს რეგიონიდან ფუნდამენტურად ვერ გააძევებს, რადგან რუსეთმა ასევე ძალიან ძლიერი პარტნიორობა დაამყარა ისრაელთან და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან. 

სინამდვილეში, ის ძალა, რომელსაც რუსეთი ამჟამად ახლო აღმოსავლეთში აჩვენებს, ამ სტრატეგიის აშკარა დასტურია. რუსეთი არ ცდილობს სპარსეთის ყურის ქვეყნების ან ისრაელის გაუცხოებას.  

ლიდერები მოდიან და მიდიან. რეჟიმები იცვლება. რუსეთი ხანდახან წარუმატებლობებს განიცდის. მაგრამ, რუსეთისთვის თამაშის არსი იგივე რჩება და მე მჯერა, რომ ჩვენთვის, დასავლეთში, ამის გაგება მნიშვნელოვანია. 

სუხოტსკი: ფიქრობთ, რომ ვაშინგტონი საკმარისს აკეთებს იმისთვის, რომ დაარწმუნოს ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოები, რომ არსებობს — ან შეიძლება არსებობდეს — უკეთესი ვარიანტები, ვიდრე მოსკოვთან მჭიდრო კავშირების დამყარებაა? 

ბორშჩევსკაია: დასავლეთს, რა თქმა უნდა, მეტის გაკეთება შეუძლია და ამის გაკეთების ერთ-ერთი გზა ახლო აღმოსავლეთში უკრაინელების მხარდაჭერის გაძლიერება იქნებოდა. ამჟამად, უკრაინა აჩვენებს თუ რამდენად შეუცვლელი აქტივია ის შეერთებული შტატებისა და ზოგადად დასავლეთის ინტერესებისთვის. 

უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეუდარებელი ექსპერტიზა აქვს და შეუძლია ახლო აღმოსავლეთში ირანული დრონების — როგორც რუსული, ასევე ირანული დრონების — წინააღმდეგ ბრძოლა. უბრალოდ, არ არსებობს სხვა ქვეყანა მსგავსი გამოცდილებით. 

ახლა დასავლეთისთვის საუკეთესო სტრატეგია იქნებოდა უკრაინის უფრო მეტი ჩართულობის ხელშეწყობა რეგიონში, კერძოდ, იარაღის ბაზარზე, ნებისმიერი სახის ტაქტიკურ სამხედრო წვრთნებში, რომლებსაც შეერთებული შტატები ატარებს რეგიონში, უკრაინის უფრო დიდი გავლენის ხელშეწყობა ყურის ქვეყნების მნიშვნელოვან ეკონომიკურ ფორუმებზე. 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკრაინის ამჟამინდელი ქმედებები უნდა განვიხილოთ, როგორც შესაძლებლობა, გრძელვადიან პერსპექტივაში გააძლიეროს უკრაინული გავლენა რეგიონში ან როგორც „შესაძლებლობის ფანჯარა“ უკრაინასა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაღრმავებისთვის. 

ასე უკრაინა უკეთეს პოზიციაში იქნებოდა იმისთვის, რომ რუსეთს ახლო აღმოსავლეთის იარაღის ბაზარზე დაუპირისპირდეს, სადაც რუსეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. უკრაინა შეიძლება ახლო აღმოსავლეთში რუსული იარაღის ყველაზე ძლიერი კონკურენტი გახდეს და ეს იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული გზა, რომლითაც შეერთებულ შტატებს შეუძლია რუსეთის რეგიონული იარაღის ბაზრიდან განდევნა. 

ჩვენ არასწორად გვესმის რუსეთის უფრო ფართო მიზნები რეგიონში. ჩვენ ვნახეთ, როგორ ვერ შეძლო რუსეთმა ირანის დახმარება ამერიკული სამხედრო დარტყმებისგან დასაცავად და ბევრმა ეს ისე აღიქვა, რომ რუსეთს ახლო აღმოსავლეთში საკუთარი თამაში არ აქვს. ეს ასე არაა. პირიქითაა. რუსეთი ამ რეგიონში გაცილებით ფრთხილ, დახვეწილ და თავშეკავებულ თამაშს თამაშობს და ის ამგვარად გააგრძელებს მოქმედებას იმისთვის, რომ ამერიკის ინტერესები მთელ რეგიონში დააზიანოს. 

ამავე თემაზე:

  • სტენტი: ირანით დაკავებული ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინაში იგებს
  • პაიფერი: კონფლიქტი ირანში აჩვენებს, რა ლიმიტები აქვს რუსეთთან მეგობრობას
  • “ეპიკური რისხვა” — სამიზნეები, ამოცანები და შესაძლო საბოლოო შედეგები
კირილ სუხოტსკი

კირილ სუხოტსკი

Kiryl Sukhotski is the executive editor for Russia at Independence Avenue Media, where he oversees coverage of U.S. foreign policy for Russian-speaking audiences. He previously worked at Voice of America and Radio Free Europe/Radio Liberty. Born in Minsk, Belarus, he started his career at the BBC, covering Russia from Moscow and London.

logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Donate Now

© 2025 Independence Avenue Media

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო

© 2025 Independence Avenue Media