დასავლეთ ნახევარსფეროს საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე და ეკვადორში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, პიტერ რომერო Independence Avenue Media-სთან საუბრისას ამბობს, რომ იმედი აქვს, რომ ვენესუელაში ამერიკელ ჯარისკაცებს არ გაგზვნიან.
აშშ-მა, სპეციალური სამხედრო ოპერაციის შედეგად, ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი შაბათს დილით, დედაქალაქ კარაკასის მახლობლად დააკავა და ნიუ-იორკში გადაიყვანა.
სპეცოპერაციას წინ უძღოდა ვენესუელაზე შეერთებული შტატების რამდენიმეთვიანი ზეწოლა და პრეზიდენტ ტრამპის საჯარო განცხადებები იმის შესახებ, რომ მადუროს „დღეები დათვლილი“ იყო. მარ-ა-ლაგოში შაბათსვე გამართულ პრესკონფერენციზე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელას, დროებით, შეერთებული შტატები „მართავს“, რათა ქვეყანას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მომზადებაში დაეხმაროს.
რომერო მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატების მიერ ვენესუელის პირდაპირი კონტროლი „კატასტროფის რეცეფტი“ იქნება, თუ ვაშინგტონი უგულებელყოფს ვენესუელას ოპოზიციის ისეთ ფოგურებს, როგორებიც არიან მარია კორინა მაჩადო და ედმუნდო გონსალესი, რომლებიც ლეგიტიმურ არჩევნებში მონაწილეობდნენ. ის მიიჩნევს, რომ შეერთებულმა შტატებმა, ვენესუელაში ნებისმიერი სახით სამხედრო ყოფნას თავი უნდა აარიდოს და თქვა, რომ ამერიკელი სამხედროების ადგილზე განთავსება ვაშინგტონის სურვილის საპირისპირო შედეგს გამოიღებს.
ინტერვიუ ჩაწერილის 3 იანვარს, რედაქტირებულია სიცხადისა და ლაკონურობისთვის.
ია მეურმიშვილი, Independence Avenue Media-ს მთავარი რედაქტორი: გქონდათ მოვლენების იმგვარად განვითარების მოლოდინი, რაც დღეს დილით ადრე, კარაკასში ვიხილეთ?
პიტერ რომერო, დასავლეთ ნახევარსფეროს საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე: რა თქმა უნდა, დანამდვილებით არავინ იცოდა ეს როდის მოხდებოდა, მაგრამ ეს მოულოდნელი არ იყო. პრეზიდენტი [დონალდ] ტრამპი, თავისი განზრახვის შესახებ უკვე რამდენიმე თვეა, სექტემბრის შემდეგ საუბრობს და მან ეს გააკეთა კიდეც.
ვფიქრობ, ეს ალბათ მისი დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი იყო, შესაძლოა შობის დღის გეგმებს შორის, მაგრამ როგორც მითხრეს, მან ეს დღე ნიგერიაში ალ-შაბაბის ბაზაზე დარტყმისთვის გამოიყენა, ასე რომ, როგორც ჩანს ამ დღეს ძალიან გადატვირთული დღის წესრიგი გამოდიოდა. როგორც დიპლომატი, უბრალოდ დამწუხრებული ვარ ამ ყველაფრით… ეს რეჟიმის შეცვლის სწორი გზა არ არის.
მეურმიშვილი: კონკრეტულად რა იწვევს თქვენს დამწუხრებას?
რომერო: ამას მრავალი ასპექტი აქვს. აქ არის ნავების აფეთქების საკითხი, იმის მტკიცებულების გარეშე, გადააქვთ თუ არა მათ რაიმე — ნარკოტიკების გადამზიდი ნავები, რომლებსაც [შეერთებული შტატები] სექტემბრის დასაწყისიდან აფეთქებს.
გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ეს ქვეყნისთვის კარგი მიზანია, მაშინ ყველაფერი უნდა გაკეთდეს მის მისაღწევად.
მთელი კარიერის განმავლობაში, ვმუშაობდი იმ დღისთვის, როცა მიზანი ნებისმიერ საშუალებას არ გაამართლებდა და მჯეროდა, რომ არსებობს სხვა გზები, მიზნის მისაღწევად. საერთაშორისო სამართალი მნიშვნელოვანია. როგორც ჩანს, ჩვენ სამი ან ოთხი ნაბიჯით უკან წავედით. რაც ახლა ყველაზე შემაშფოთებელია ისაა, რომ პრეზიდენტ ტრამპის თქმით, ჩვენ შეგვიძლია ამ ქვეყნის მართვა, რაც ვფიქრობ დიდი, დიდი შეცდომაა.
მეურმიშვილი: როგორ წარმოგიდგენიათ შეერთებული შტატების მიერ ვენესუელის მართვა? ყველა გაოცებული იყო, როცა პრეზიდენტმა ეს თქვა.
რომერო: ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ მარია კორინა მაჩადომ, რომელმაც ახლახან მოიპოვა ნობელის მშვიდობის პრემია, ეს პრიზი ტრამპს მიუძღვნა. ტრამპმა მის მიმართ ყველანაირი დიდებული ეპითეტი გამოიყენა, თქვა, რომ ის დემოკრატიის ნამდვილი დამცველი, გმირია და ა.შ. ახლა კი ამბობს, რომ მას არ აქვს მხარდაჭერა ქვეყნის სამართავად და ამბობს, რომ ჩვენ [ამერიკა] ვმართავთ მას.
ეს უდიდესი შეცდომა იქნება… ვენესუელაში ქუჩის ბანდიტები 25 წელია შეიარაღებულები არიან. კუბელები ამ ბრძოლას კუნძულის გადარჩენის საშუალებადაც მიიჩნევენ. და რა თქმა უნდა, არებობს [ვენესუელას] შეიარაღებული ძალები, პოლიცია, უსაფრთხოების ძალები და ეს ყველაფერი უნდა მოგვარდეს. არ შეიძლება უბრალოდ თქვა, რომ ჩვენ ვმართავთ ქვეყანას და ყველა გამდიდრდება. დიდი შეცდომაა. ვფიქრობ, ახლა, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ვენესუელაში ამ ლიდერებთან დიპლომატიის დროა.
მეურმიშვილი: ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი, არჩევნების გამართვამდე, ქვეყნის მართვაში აშშ-ის ადმინისტრაციის მოკავშირე იყოს?
რომერო: ეს წარმოუდგენელი არ არის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობდა გეგმა ქვეყნის დემოკრატიულ გარდამავალ ეტაპამდე მისაყვანად. სწორედ ეს არის გასაკეთებელი. ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია უცხოური ინვესტიციებით. ვენესუელელები მსოფლიოში ნავთობისა და გაზის უდიდეს რეზერვებს ფლობენ. რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ ამ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლა საკმაოდ მარტივად, მაგრამ საჭიროა ნათელი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ საით მიემართება ქვეყანა და მიაღწევს თუ არა ის რაიმე სახის დემოკრატიულ გარდაქმნას. ამის შესახებ საერთოდ არაფერი მსმენია.
მეურმიშვილი: როცა საქმე რეგიონს და კონტინენტს ეხება, ფიქრობთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციისთვის შემდეგი კუბაა?
რომერო: ძნელი სათქმელია. ეს არ არის პრეზიდენტი, რომელსაც აქვს პოლიტიკა. ეს არის პრეზიდენტი, რომელიც ფიქრობს, რომ არაპროგნოზირებადობა სასარგებლო ინსტრუმენტია ხელსაწყოების ყუთში. მე ვფიქრობ, რომ ამან აჩვენა, რომ მას სერიოზული შეზღუდვები აქვს.
არ მგონია კუბა შემდეგი იყოს. დიდი შეცდომა იქნებოდა ამ კუნძულზე შეჭრის მცდელობა. კუბელები თითქმის 60 წელია რაღაც მსგავსის მოლოდინში არიან. ეს უგუნურება იქნებოდა, განსაკუთრებით პრეზიდენტისთვის, რომელმაც საარჩევნო კამპანია ისე წარმართა, რომ უცხოურ ომებში არ ჩაერთვებოდა.
მეურმიშვილი: მოკლედ შევეხოთ რუსეთისა და ჩინეთის საკითხს, ორივე მადუროს პარტნიორები იყვნენ. მან გუშინ შეხვედრა გამართა ჩინეთის წარმომადგენელთან. როგორ ფიქრობთ, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მოვლენების ამგვარად განვითარებას, კონტინეტზე ჩინეთის პოზიციებზე?
რომერო: ვფიქრობ, ეს ჩინეთის ძალას გაზრდის. რუსეთი უბრალოდ ძალიან დისტანცირებული და ძალიან ჩაფლულია უკრაინასთან ომში იმისთვის, რომ ასეთ რამეში წინსვლა განიცადოს. თუმცა, ჩინეთს ეს ნამდვილად შეუძლია.
მექსიკისა და ბრაზილიის პრეზიდენტებმა უკვე დაგმეს აშშ-ის ნაბიჯი, მსოფლიოს შეახსენეს, რომ შეერთებულ შტატებს ასეთი ნაბიჯი წარსულშიც გადაუდგამს. მაშინ ამას ქვემეხების ნავების დიპლომატიას უწოდებდნენ და ვფიქრობ ეს ისაა, რასაც ახლა ვხედავთ.
ამას არავინ დააფასებს. შესაძლოა, ამას აზრი ჰქონოდა, წინასწარ რომ ყოფილიყო გარკვეული დიპლომატია და შეკრებილიყო მსგავსი შეხედულებების მქონე ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც ვენესუელას საფრთხედ მიიჩნევდნენ და ყველა ჩართულიყო დისკუსიაში, მათი შეხედულებები გათვალისწინებულიყო და დიპლომატიური ძალისხმევა წინასწარ ყოფილიყო ჩატარებული. მაგრამ, ახლა არავინ აპირებს იმის თქმას, რომ ეს შესანიშნავი რამ იყო. ვფიქრობ, არგენტინის პრეზიდენტი [ხავიერ] მილეი, გარკვეუწილად ფრთილობდა თავის განცხადებაში. იგივე პათოსი ჰქონდა ეკვადორის პრეზიდენტ დანიელ ნაბოას. მაგრამ, თქვენ ვერ ნახავთ ამ ნახევარსფეროში პრეზიდენტებს, რომლებიც იტყვიან, რომ ეს კარგი ნაბიჯი იყო. შესაძლოა ეს თქვას ელ სალვადორის პრეზიდენტმა, რომელიც ტრამპის მოკავშირედ მიიჩნევა. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ვფიქრობ, რომ ამით ჩინეთი ისარგებლებს.
მეურმიშვილი: როგორ შეძლებს ჩინეთი სარგებლის მიღებას?
რომერო: სარგებელი იმ გაგებით, რომ ამერიკელები ახლა აკეთებენ იმას, რასაც ლათინურ ამერიკაში ყოველთვის ფიქრობდნენ, რომ ამერიკა ამას გააკეთებდა. არ აქვს მნიშვნელობა რა ერქმევა ამას — მონროს დოქტრინა თუ ტრამპის დოქტრინა. […]
ქვეყნები საერთაშორისო სამართლის პატივისცემისკენ, გლობალური პრობლემების გადაჭრის მრავალმხრივი მიდგომისკენ და მსგავსი საკითხებისკენ მიიწევენ წინ, ჩვენ კი ქვემეხის დიპლომატიის პოლიტიკას ვუბრუნდებით. ეს კარგად არ გამოიყურება და ამ პოლიტიკას ცოტა თუ დაუჭერს მხარს.
მეურმიშვილი: ფიქრობთ, რომ ეს დიდი ქვეყნების ლიდერებისთვის პრეცედენტს ქმნის, მაგალითად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინისთვის, ან სხვებისთვის, რომ მსგავსი ოპერაციები ჩაატარონ?
რომერო: შესაძლებელია. ვიმედოვნებ არა, მაგრამ ამან შეიძლება კარი გახსნას.
დავუბრუნდეთ ჩემს პირველ განცხადებას, რომ მიზანი ამართლებს საშუალებებს. რა თქმა უნდა, არსებობს ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი, რომლებიც თვლიან, რომ უკრაინაში შეჭრა საბოლოოდ ამართლებს საშუალებებს, რადგან კულტურულად, ისტორიულად, რელიგიურად და ა.შ. უკრაინას რუსეთთან მჭიდრო კავშირები აქვს არა მხოლოდ საუკუნეების, არამედ ათასწლეულების განმავლობაში.
ასევე შესაძლებელია, ტრასმპის ამ ნაბიჯის ტაივანში შეჭრისთვის საბაბად გამოყენება. რატომაც არა? თუ ზუსტად ისევე გჯერა, რომ ტაივანი ჩინეთის ნაწილია, როგორც ამას ჩინეთის კომუნისტური პარტია ხედავს და მათ სჯერათ, რომ კარგი იქნებოდა ტაივანი ოჯახის ნაწილი გახდეს, მაშინ რა თქმა უნდა, ვენესუელაში აშშ-ის ნაბიჯები ჩინეთის მთავრობისთვის ტაივანში შეჭრას გაამარტივებს.
მეურმიშვილი: ამას მოკლევადიან ოპერაციად ხედავთ, თუ ფიქრობთ, რომ ეს ხანგრძლივი იქნება?
რომერო:ვიმედოვნებ, რომ არა. თუ არ გეგმავ გამოიყენო არჩეული ოფიციალური პირები, ისინი ვინც წარსულში არჩევნებში ლეგიტიმურად მონაწილეობდნენ, როგორიცაა მარია კორონა მაჩადო ან ედმუნდო გონსალესი და ა.შ. და თუ თავად აპირებ ქვეყნის მართვას, ეს არის რეცეპტი კატასტროფისთვის. ვიმედოვნებ ეს მუქარაა მოლაპარაკებისთვის, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია არსებულ ხელმძრვანელობასთან გამოიყენოს, რათა დემოკრატიული გარდაქმნისთვის გარკვეულ ურთიერთგაგებას მიაღწიოს. მაგრამ, ეს მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რას გრძნობს ტრამპი და ვის ესაუბრება იმ დღეს ბოლოს, ვინ შეძლებს მის დარწმუნებას. იმედია, ეს სწორი ადამიანი იქნება. ახლა ვენესუელაში ამერიკული ჯარის ყოფნა არ გვჭირდება, ეს ზუსტად სასურველის საწინაარმდეგო შედეგს გამოიღებს.
