მთავრობის მაღალ პოზიციაზე მუშაობისა და ჩინეთის ხანგრძლივი კვლევის საფუძველზე, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის ყოფილი მოადგილე, მეთ პოტინგერი განიხილავს, თუ როგორ ცვლის გლობალურ უსაფრთხოებას პრეზიდენტ სი ძინპინის ვლადიმირ პუტინთან, ირანის ლიდერებთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან თანამშრომლობა.
პოტინგერი, რომელიც ამჟამად “დემოკრატიების დაცვის ფონდის” ჩინეთის პროგრამის ხელმძღვანელია, განმარტავს, რას სწავლობს ჩინეთი უკრაინის ბრძოლის ველიდან და რატომ არის ეს გაკვეთილები მნიშვნელოვანი ტაივანისთვის და უფრო ფართო საერთაშორისო წესრიგისთვის. ის მიიჩნევს, რომ მომავალი ომების პრევენცია არა მხოლოდ სამხედრო შესაძლებლობებზე, არამედ ასევე მდგრად პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.
ინტერვიუ ჩაწერილია 27 იანვარს, რედაქტირებულია სიცხადისა და ლაკონურობისთვის.
ია მეურმიშვილი, Independence Avenue Media-ს მთავარი რედაქტორი: რა ეტაპზეა აშშ-ჩინეთის ურთიერთობა დღეს და როგორ შეიძლება განვითარდეს ის მომავალში?
მეთ პოტინგერი, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის ყოფილი მოადგილე: აშშ-ჩინეთის ურთიერთობები ათწლეულზე მეტია უარესდება. ეს, ძირითადად, ჩინეთის დიქტატორის, [პრეზიდენტ] სი ძინპინის გრანდიოზული გლობალური ამბიციებით იყო განპირობებული. მან და [რუსეთის პრეზიდენტმა] ვლადიმირ პუტინმა ერთგვარი პროტო ალიანსი შექმნეს, რომელსაც „ულიმიტო“ შეთანხმება უწოდეს.
ის აგრძელებს საინფორმაციო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ომს მთელი დასავლეთის წინააღმდეგ. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის განმავლობაში, ვითარება გარკვეულწილად სტაბილური გახდა, მაგრამ არ მგონია გაუმჯობესდეს. ვფიქრობ, სი ძინპინი აგრძელებს უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერას. ის არის ამ ომის „გადამწყვეტი ხელშემწყობი“, თუ ნატოს დავესესხებით, რომელმაც როგორც ორგანიზაციამ, ეს ოფიციალურ პოზიციად რამდენიმე წლის წინ წარმოადგინა.
ის არის თეოკრატიის, აიათოლას დიქტატურის მთავარი ხელშემწყობი ირანში. რა თქმა უნდა, ის არის ირანის მთავარი ეკონომიკური მხარდამჭერი, არალეგალური ირანული ნავთობის შესყიდვის გზით. ეს არის ფული, რომელიც არა ირანელ ხალხთან, არამედ რეჟიმთან მიდის. რეჟიმთან, რომელმაც მიმდინარე თვეში თავისი ტიანანმენის ხოცვა-ჟლეტა მოაწყო — მოკლა, როგორც გვესმის, ათობით ათასი საკუთარი მოქალაქე, რომლებიც თავის ქვეყანაში არსებული ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ პირობებს აპროტესტებდნენ.
სი ძინპინი იყო [პრეზიდენტ ნიკოლას] მადუროს მთავარი ხელშემწყობი, ვენესუელელი დიქტატორის, რომელიც ამერიკის მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება.
ამგვარად, ურთიერთობებში არსებული სტრუქტურული პრობლემების დაფარვა სამიტებით ან უფრო თბილი დიპლომატიით შეუძლებელია, როგორიც ახლა ტრამპის ადმინისტრაციასა და ჩინეთის მთავრობას შორის ვხედავთ.
მეურმიშვილი: ჩინეთი ახლა უფრო ფრთხილობს, როცა ხედავს, რომ ზოგიერთი მისი მოკავშირე ძალას კარგავს? ფიქრობთ, რომ ჩინეთს ამ ცვლილებებზე რეაქცია აქვს?
პოტინგერი: კომუნისტებს ნამდვილი მეგობრები არ ჰყავთ. მათ ყალბი მეგობრები ჰყავთ. სი ძინპინს, ეს ყალბი მეგობრები ხელიდან ეცლება, როგორც თავისავე პარტიის სისტემაში, ასევე გარეთ. ის ასევე მხარს უჭერდა ასადის რეჟიმს სირიაში. ასადი ახლა სადღაც მოსკოვში, ემიგრაციაში იმალება. მისი ასევე ე.წ. მეგობარი იყო მადურო, რომელიც ნიუ-იორკის ციხის საკანშია. [ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამეინი], ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ათასობით თავის მოქალაქეს კლავს. თუ ღმერთი ინებებს, მალე ვიხილავთ, რომ სი ძინპინი ამ მეგობარსაც დაკარგავს.
და რა ხდება ჩინეთში მის მეგობრებთან დაკავშირებით? ჩინეთის უმაღლესი რანგის გენერალი მასთან ერთად გაიზარდა, მასზე ორი წლით უფროსი იყო და ხშირად მის უფროს ძმად მოიხსენიებდნენ. მათი მამები თანამებრძოლები იყვნენ კომუნისტურ რევოლუციაში. სი ძინპინმა, თავისი ე.წ. უფროსი ძმა უმაღლეს სამხედრო თანამდებობაზე, ჩინეთის ნომერ პირველ გენერლად დანიშნა, დააწინაურა და [პოზიციაზე] შეინარჩუნა გასულ კვირამდე, როცა თანამდებობიდან გაათავისუფლა, თავისივე ტერორის ფარგლებში, რომელმაც სახალხო განმათავისუფლებელი არმიის უმაღლესი ეშელონები მოიცვა.
სი ძინპინი არის ადამიანი, რომელიც აღფრთოვანებულია საბჭოთა დიქტატორით, იოსებ სტალინით და მას მისაბაძ მაგალითად მიიჩნევს… ვფიქრობ, ის ცდილობს მთელი ოფიცერთა კორპუსის განადგურებით, გადააჭარბოს თავის იდეოლოგიურ მენტორს, იოსებ სტალინს. ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ სი ძინპინთან, ის სათანადოდ უნდა შევაფასოთ და ასევე უნდა გავაცნობიეროთ, რომ მას მეგობრები ხელიდან ეცლება, როგორ შინ, ასევე გარეთ.
მეურმიშვილი: მას ჯერ კიდევ ჰყავს ერთი მეგობარი, ვლადიმირ პუტინი. ის ეხმარება რუსეთს, რუსეთის ომს უკრაინაში. ამ მეგობრობას როგორ აფასებთ? არის ეს ალიანსი, რომელიც შეერთებულ შტატებს, დასავლეთს უნდა აღელვებდეს? თუ ეს უბრალოდ ხელსაყრელი ქორწინებაა, რომელიც ჩინეთს დასავლეთის რუსეთის საშუალებით დასასუსტებლად სჭირდება?
პოტინგერი: რაც შესაძლოა დაიწყო როგორც ხელსაყრელი ქორწინება, ახლა იძულებით ქორწინებად იქცა, რადგან ეს ორი მამაკაცი, სი ძინპინი და ვლადიმირ პუტინი, ერთმანეთს გადაეჯაჭვა. მათ ახლა ერთმანეთი სჭირდებათ, რადგან ისინი ღრმად შევიდნენ ალიანსში, რომელიც ახლა, განსაკუთრებით რუსეთისთვის, უკიდურესად არაგონივრულია.
ეს არათანაბარი ალიანსია. რუსეთი უმცროსი პარტნიორის როლშია, ბრძოლის ველზე სისხლისგან იცლება და კვდება; კლავს კაცებს, ქალებს და ბავშვებს უკრაინაში და ამას ასობით ათას თავის მოქალაქეს სწირავს. რისთვის? ეს რუსეთის ლიდერის მხრიდან ტრაგიკული და სრულიად არასწორი სტრატეგიული შეცდომაა და ახლა ის სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული სი ძინპინზე. სი ძინპინი კი მსხვერპლისთვის მზად არ არის…
სი ძინპინი უკან ზის და აღმოსავლეთ უკრაინის ცივ ველებზე რუსი ჯარისკაცების სიკვდილს უყურებს. დროთა განმავლობაში, სი ძინპინის გავლენა რუსეთზე მხოლოდ იზრდება. საბაზროზე დაბალ ფასიანი ენერგორესურსები, ასევე, რა თქმა უნდა, ჩინურ საქონელზე, მომსახურებაზე, ტექნოლოგიებსა და დაფინანსებაზე წვდომა არის ის, რასაც რუსეთი უბრალოდ ეკონომიკის კოლაფსის თავიდან ასაცილებლად ეყრდნობა.
მეურმიშვილი: ფიქრობთ, რომ პრეზიდენტი სი ყურადღებით აკვირდება რა ხდება უკრაინაში და ამისგან გაკვეთილებს იღებს, განსაკუთრებით ტაივანის კონტექსტში?
პოტინგერი: კონფლიქტის დასაწყისშივე, 2022 წლის თებერვალში, როდესაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა, ერთ-ერთი გაკვეთილი, რომელიც ვნახეთ ის იყო, რომ ომი გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ჩანს ან ვიდრე ხალხს წარმოუდგენია, როდესაც ისინი თეთრ დაფებზე დიაგრამებს ხატავენ. ის მართლაც რთულია: ადამიანური ფაქტორი, გადაწყვეტილების ფაქტორი, ყველა უცნობი ფაქტორი, მკაცრი ამინდის პირობები. არსებითად, ეს იყო ვლადიმირ პუტინის მხრიდან სერიოზული შეცდომების ისტორია. ამის ანარეკლებს ჩინეთიდან გამოსულ ზოგიერთ ადრეულ შეფასებებში ვხედავთ. ჩინეთი, ისევე როგორც მსოფლიოს დიდი ნაწილი, აშკარად შოკირებული იყო იმით, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა ამდენად ცუდად წარიმართა.
მაგრამ, რაც მას შემდეგ ვნახეთ ისაა, რომ ჩინეთი სწავლობს. მათ ადგილზე [უკრაინაში] შეზღუდული რაოდენობის ჯარისკაცები ჰყავთ. მათ დაქირავებულებს უწოდებენ, თუმცა უკრაინის ხელმძღვანელობამ, სულ მცირე, რამდენიმე ასეული ჩინელი ჯარისკაცი ამოიცნო. ისინი რუსებთან არიან ინტეგრირებულნი, დრონებით ომის შესახებ ინფორმაციას იღებენ, სწავლობენ ომის ზოგიერთ ცვალებად ტექნოლოგიას და ცდილობენ, ეს ცოდნა ჩინეთში წაიღონ, რათა მათი პოლიტიკური ომისა და ტაივანის წინააღმდეგ პოტენციური რეალური ომისთვისაც გამოიყენონ.
რაც მაშფოთებს ისაა, რომ სი ძინპინმა უბრალოდ მოიშორა ყველა თავისი გენერალი, ან მათი უმეტესობა, რადგან ზოგიერთ ამ გენერალს, მათ შორის ჟანგ იუსიას, მის „უფროს ძმას“, რომელიც ახლა სადღაც ციხეშია, რეალური საბრძოლო გამოცდილება ჰქონდა, სი ძინპინისა და ჩინელი სამხედროების უმეტესობისგან განსხვავებით.
საბრძოლო გამოცდილების მქონე გენერლები, როგორც წესი, უფრო ერიდებიან ომში ჩართვას, რადგან იციან, რომ ომი გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ამიტომ, მე მაშფოთებს, რომ გენერლების ამ ახალგაზრდა თაობის შემთხვევაში, რომლებსაც სი ძინპინი სწრაფად აწინაურებს მის მიერ გათავისუფლებული ათობით გენერლის ჩასანაცვლებლად, შეიძლება მივიღოთ გულუბრყვილო ადამიანები, რომლებიც ომის მიმართ ენთუზიაზმით არიან განწყობილნი და ეს კრიზისის მნიშვნელოვან რისკს ქმნის.
მეურმიშვილი: ფიქრობთ, რომ შეერთებული შტატები საკმარისს აკეთებს იმისთვის, რომ ტაივანის წინააღმდეგ ჩინეთის სამხედრო მოქმედება შეაკავოს?
პოტინგერი: შეკავებას ორი ძირითადი კომპონენტი აქვს. თუ გსურთ, რომ მოწინააღმდეგე თქვენზე ან თქვენს მოკავშირეებზე თავდასხმისგან შეაჩეროთ, მათ უნდა იცოდნენ, რომ თქვენ გაქვთ რეალური შესაძლებლობა. თქვენი სიტყვები საქმით უნდა დაასაბუთოთ. მეორე კომპონენტი კი არის მტკიცე გადაწყვეტილება, ბრძოლის ნება. … ვფიქრობ, შეერთებული შტატები თავისი შესაძლებლობების მხარეს აუმჯობესებს.
პრეზიდენტ ტრამპის თავდაცვის სტრატეგიას თუ შევხედავთ, მისი ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იარაღის სისტემების უფრო ეფექტური კვლევისა და შესყიდვის უზრუნველყოფა, ასევე საბრძოლო მასალის წარმოების მნიშვნელოვნად დაჩქარებაა. ეს დიდი ხნის ნანატრი რეფორმებია და დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი საკმარისად სწრაფად განხორციელდება, რათა პეკინი დაარწმუნოს, რომ შეერთებულ შტატებს არა მხოლოდ ბრძოლის, არამედ ომის ხანგრძლივად წარმოების უნარიც აქვს.
რადგან, თუ ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნება, თითქოს რამდენიმე კვირაზე მეტხანს ბრძოლის უნარი არ გვაქვს, სი ძინპინმა შეიძლება თქვას: „ჩვენ უბრალოდ ამას უნდა გავუძლოთ“, ისევე როგორც ამას ვლადიმირ პუტინი ცდილობს უკრაინაში ბრძოლის ველზე, თითქმის ოთხი წლის განმავლობაში.
ჩვენ მუდმივად გვესმის პრესიდან უკრაინის ტერიტორიების თანდათანობით დაკარგვის შესახებ და ა.შ. სინამდვილეში, მე მჯერა, რომ შესაძლოა იმ ეტაპზე ვიყოთ, როცა სიბნელეს განთიადი მოსდევს.
რუსები ახლა ნამდვილ ხორცსაკეპ მანქანაში არიან. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, დეკემბერში, ისინი დღეში 1000 ადამიანს კარგავდნენ და ამ მსხვერპლის მიუხედავად, მნიშვნელოვანი ტერიტორიული წინსვლა არ ჰქონიათ. რუსული პროპაგანდის მიერ საპირისპიროს მტკიცების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა სავალალო მდგომარეობაშია.
ასე რომ, გული არ უნდა გავიტეხოთ. მადლიერი უნდა ვიყოთ უკრაინელი ხალხის მსხვერპლისთვის, უბრალოდ იმ წარმოუდგენელი სიმამაცისა და მტკიცე გადაწყვეტილებისთვის, რომელსაც ისინი ყოველდღიურად იჩენენ მთელი თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ისინი არიან თავისუფალი სამყაროს შუბის წვერი.
აშშ-ის მტკიცე ნება შეკავების შენარჩუნების მეორე კომპონენტია. და სწორედ ამ სფეროში მსურს მეტი ძალისხმევის ნახვა. პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ტაივანის შესახებ კარგი ჩანაწერი იყო. დარწმუნებული ვარ, ეროვნული თავდაცვის სტრატეგია, მისი საიდუმლო ვერსიით, რომელიც არასდროს წამიკითხავს, საკმაოდ ნათელია. … შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასევე უნდა გამოავლინოს მტკიცე ნება და არა მოკრძალებული თავშეკავება ტაივანის საკითხთან დაკავშირებით.
მეურმიშვილი: რამდენად ოპტიმისტურად ან პესიმისტურად ხართ განწყობილი აშშ-სა და ჩინეთს შორის ომის ალბათობასთან დაკავშირებით?
პოტინგერი: თუ შეკავება იმუშავებს, ჩვენ ბრძოლა არ მოგვიწევს. ეს ნიშნავს მტკიცე ნების დემონსტრირებას, თავდაცვის ხარჯების გაზრდის გაგრძელებას, შესყიდვების გაუმჯობესებას და თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის გაძლიერებას.
პრეზიდენტმა ტრამპმა ცოტა ხნის წინ მოუწოდა აშშ-ის თავდაცვის ხარჯების დაახლოებით 50%-ით გაზრდისკენ … ეს დაგვიბრუნებს თავდაცვის ხარჯების დონეს მთლიანი შიდა პროდუქტის პროცენტული მაჩვენებლით, რაც გვქონდა პრეზიდენტ რონალდ რეიგანის დროს 1980-იან წლებში. ამიტომ, ეს ძალიან მამხნევებს; ეს მტკიცე ნების ძალიან კარგი სიგნალია.
