• English
  • Українська
  • Русский
Donate Now
No Result
View All Result
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Independence Avenue Media
Home რჩეული

ნატო სამხრეთ კავკასიაში ჩართულობას აღრმავებს

კრისტიან მესაროში განმარტავს, რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების ცვალებადი დინამიკის ფონზე, როგორ აფართოებს ნატო სომხეთთან და აზერბაიჯანთან პარტნიორობას, საქართველოსთან კი ხანგრძლივ თანამშრომლობას ინარჩუნებს.

ია მეურმიშვილიby ია მეურმიშვილი
თებერვალი 18, 2026
NATO headquarters in Brussels, Belgium, with the flags of the alliance’s member countries. (NATO)

NATO headquarters in Brussels, Belgium, with the flags of the alliance’s member countries. (NATO)

A A
Summarize with ChatGPTShare on X
🔊

უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომის მიერ რეგიონის უსაფრთხოების გარემოს ცვლილების ფონზე, ნატო სამხრეთ კავკასიაში პარტნიორულ ურთიერთობებს აღრმავებს. გეოპოლიტიკურად მგრძნობიარე რეგიონში, ალიანსი ბაქოსთან და ერევანთან პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადადის, საქართველოსთან კი ხანგრძლივ თანამშრომლობას ინარჩუნებს.

Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში, ნატოს პარტნიორობისა და გლობალურ საქმეთა დირექტორი, კრისტიან მეზაროში საუბრობს იმის შესახებ თუ როგორ აფასებს და რეაგირებს ალიანსი, რუსეთის მიერ, კავკასიაში შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევებზე. ის განიხილავს ნატოს სომხეთთან, აზერბაიჯანთან და საქართველოსთან პარტნიორობის განვითარებად ჩარჩოს, უკრაინაში რუსეთის ქმედებებიდან მიღებულ გაკვეთილებს და იმას, თუ როგორ თანამშრომლობს ალიანსი პარტნიორებთან დეზინფორმაციის, ჩარევისა და სხვა საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად, ეროვნული სუვერენიტეტისა და არჩევანის პატივისცემით.

ინტერვიუ ჩაწერილია 3 თებერვალს, რედაქტირებულია სიცხადისა და ლაკონურობისთვის.

ია მეურმიშვილი, IAM-ის მთავარი რედაქტორი: დავიწყოთ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის, რადმილა შეკერინსკას ბოლოდროინდელი ვიზიტებით სომხეთსა და აზერბაიჯანში. რა არის ის მთავარი შედეგები და დასკვნები, რაზეც შეგიძლიათ გვესაუბროთ?

კრისტიან მეზაროში, ნატოს პარტნიორობისა და გლობალურ საქმეთა დირექტორი: მისი ვიზიტი რეგიონში არის ნათელი ნიშანი იმისა, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ნატო და მისი მოკავშირეები სამხრეთ კავკასიას. არსებული გეოპოლიტიკური ტურბულენტობისა და მოვლენების ფონზე, მათ შორის, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გათვალისწინებით, ამ რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა ყველა მოკავშირისთვის უმნიშვნელოვანესია. ეს ვიზიტი სწორედ ამის დასტური იყო.

ის ორივე ქვეყანას დეკემბერსა და იანვარში ეწვია. მთავარი დასკვნა ისაა, რომ ჩვენი პარტნიორობა, რომელიც სამ ათწლეულზე მეტს ითვლის, იმდენად მნიშვნელოვანი და მტკიცეა, როგორც არასდროს. ამ პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ ვახორციელებთ როგორც პოლიტიკურ დიალოგს, ისე პრაქტიკულ თანამშრომლობას.

ამჯერად, ის სათავეში ედგა დიალოგის ნაწილს, კონსულტაციებს; შეხვდა ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობას და გადასცა გზავნილი ერთმანეთთან საუბრისა და ერთობლივი მუშაობის აუცილებლობის შესახებ… მან ხაზი გაუსვა ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელობას და ალიანსისთვის სომხეთისა და აზერბაიჯანის სტაბილურობისა და უსაფრთხოების პრიორიტეტულობას.

მეურმიშვილი: როგორც ჩანს, 2026 წელი მნიშვნელოვანი იქნება რეგიონისა და პარტნიორობისთვის, რადგან იგეგმება ნატო – სომხეთისა და ნატო – აზერბაიჯანის პარტნიორობის ახალი ჩარჩო – ხელშეკრულებების ხელმოწერა. რას მოიცავს ისინი?


მეზაროში: რაც შეეხება ჩვენი პარტნიორობის ჩარჩოს, როგორც აღვნიშნე, ის დიდი ხანია არსებობს. სომხეთიცა და აზერბაიჯანიც „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამისა და ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს წევრები არიან და მათ უკვე შეიტანეს წვლილი ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ასე რომ, პარტნიორობის საფუძვლები უკვე არსებობს.

ის, რაზეც ახლა ვმუშაობთ, კონკრეტული ინსტრუმენტია. თითოეული პარტნიორისთვის ჩვენ გვაქვს ე.წ. „ინდივიდუალურად მორგებული პარტნიორობის პროგრამა“ (ITPP)… ეს არის დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს ნატოსა და კონკრეტული პარტნიორის სტრატეგიულ ამოცანებსა და მიზნებს. მასში გაწერილია როგორც მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიზნები, ისე პრაქტიკული ღონისძიებები — დაწყებული სამხედრო სწავლებებით, დამთავრებული ენის კურსებით და ა.შ. ჩვენ ვმუშაობთ ამ დოკუმენტების საბოლოო ვერსიაზე ორივე ქვეყანასთან და ვიმედოვნებთ, რომ ეს მალე მოხდება. ამის შემდეგ თითოეულ პარტნიორს ექნება პრაქტიკული, ინდივიდუალური გეგმა.


თუმცა, ჩვენ ისედაც ბევრ რამეს ვაკეთებთ ერთად. უკვე ვახსენეთ გენერალური მდივნის მოადგილის ვიზიტი. გასულ წელს, ნატოს ელჩების ჯგუფი იმყოფებოდა ერევანსა და ბაქოში. ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ გამართა სემინარი სომხეთში და გეგმავს მის ჩატარებას აზერბაიჯანშიც.

გარდა ამისა, პრაქტიკული თვალსაზრისით, ორივე ქვეყანა მონაწილეობს სხვადასხვა სწავლებასა და წვრთნებში. ასე რომ, ბევრი რამ უკვე ხდება. არ მინდა შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს რაღაცის დაწყებას ველოდებით. გასული ათწლეულების განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა და ეს პროცესი ახალი დოკუმენტებით კიდევ უფრო გაძლიერდება.


მეურმიშვილი: მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ საუბარში საქართველო გამოგვრჩა. საქართველო თითქმის ორი ათწლეულია ასპირანტი ქვეყანაა. რატომ არ ფიგურირებს საქართველო ჩვენს დღევანდელ დიალოგში?


მეზაროში: საქართველოს შესახებ ჯერ არ გიკითხავთ… რა თქმა უნდა, საქართველო ნატოსთვის მესამე მნიშვნელოვანი პარტნიორია. როგორც თავად აღნიშნეთ, ის ნატოს წევრობის ერთ-ერთი ასპირანტია. ეს მისწრაფება არ არის რაღაც, რაც ნატოსგან მომდინარეობს. როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ეს ქართველი ხალხის არჩევანია. თქვენ იცით, რომ ქვეყანაში არსებობს მკაფიო მხარდაჭერა ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მიმართ. მეტიც, ეს ჩაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში.

ეს არის ჩვენი სახელმძღვანელო პრინციპი. საქართველო პარტნიორია. თბილისში გვაქვს სამეკავშირეო ოფისი, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი ურთიერთობებისა და პრაქტიკული თანამშრომლობის წინსვლას. გვაქვს „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი“ (SNGP), რომელიც უკვე ათ წელზე მეტია მოქმედებს. მისი მეშვეობით ნატოს ექსპერტები კონკრეტულ დახმარებას უწევენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებს, თავდაცვისა და სამხედრო რეფორმების სხვადასხვა სფეროში. ასე რომ, თანამშრომლობა უწყვეტია. ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხის მოთხოვნებისა და საქართველოს კონსტიტუციის ერთგული დარჩება.

მეურმიშვილი: დავუბრუნდეთ სომხეთსა და აზერბაიჯანს. სომხეთის დისტანცირება რუსეთისა და „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისგან“, რეგიონში მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებაა. როგორ პასუხობს ნატო ამას? იღებს თუ არა სომხეთი დამატებით დახმარებას ამ პროცესში, იქნება ეს პარტნიორობის ფარგლებში თუ ნატოს სხვა ტიპის მხარდაჭერა?


მეზაროში: გმადლობთ, ეს კითხვა მაძლევს საშუალებას განვმარტო, როგორ მუშაობს ნატოს პარტნიორობა. სინამდვილეში, ჩვენ ამას „მოთხოვნაზე დაფუძნებულს“ ვუწოდებთ. ეს ნიშნავს, რომ პარტნიორი თავად მოდის ნატოსთან პარტნიორული ურთიერთობისა და მხარდაჭერის სურვილით.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნატო არასდროსაა დაკავებული პარტნიორების და სხვათა შორის, არც წევრების ძიებით, მიუხედავად იმისა, რას ისმენთ რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციისგან. ნატო არ ფართოვდება თავისთავად, ის არ „ნადირობს“ წევრებზე ან პარტნიორებზე. მე თავად ვარ იმ ქვეყნიდან (უნგრეთი), რომელიც ალიანსს 1999 წელს შეუერთდა. შემიძლია გითხრათ, რომ 90-იან წლებში ნატოს არ უთხოვია უნგრეთისთვის გაწევრიანება; პირიქით, უნგრეთი ითხოვდა ნატოში მიღებას.

რაც შეეხება სომხეთს, ნატო პატივს სცემს ყველა ქვეყნისა და ერის არჩევანს. სომხეთს, როგორც „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის” წევრს, ჰქონდა აბსოლუტურად გამართული და კარგად განვითარებული პარტნიორობა ნატოსთან. ეს არასდროს ყოფილა დაბრკოლება პარტნიორობის განვითარებისთვის. შესაბამისად, სომხეთის საგარეო პოლიტიკაში არსებულ ცვლილებებს ნატო და მისი მოკავშირეები სრულ პატივისცემას უცხადებენ. ჩვენ ამას არ განვსჯით და მზად ვართ მეტის გასაკეთებლად.

თუ სომხეთი ასე გადაწყვეტს, და ჩვენი პარტნიორობისა და ინდივიდუალურად მორგებული პროგრამის ფარგლებში ეს უკვე ხდება, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ დამატებითი შესაძლებლობები თავდაცვის რეფორმების მხარდასაჭერად, შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისა და საბჭოთა კავშირის სტილის არაეფექტური მეთოდებიდან, დასავლური ტიპის სამხედრო მოდელზე გადასასვლელად. ჩვენ პატივს ვცემთ სომხეთის ნებისმიერ არჩევანს. ეს არ არის ის, რასაც ჩვენ ვითხოვთ, მაგრამ მზად ვართ გავაკეთოთ იმდენი, რამდენსაც პარტნიორი ისურვებს. რა თქმა უნდა, იმ პირობით, თუ ეს ალიანსის ინტერესებსაც შეესაბამება.

მეურმიშვილი: არსებობს თუ არა რაიმე რისკი სომხეთისა და ნატოს პარტნიორობის განვითარების ტემპთან დაკავშირებით? არის თუ არა საფრთხის შემცველი პროცესის დაჩქარება ან, პირიქით, შენელება?


მეზაროში: ნატოსთვის რისკს ვერ ვხედავ, თუ არ ჩავთვლით იმ შემთხვევას, როდესაც ჩვენ მიერ გაცემული დაპირების შესრულებას ვერ შევძლებთ. ჩვენი მხრიდან უნდა დავრწმუნდეთ, რომ თუ პარტნიორთან რაიმეზე ვთანხმდებით, განსაკუთრებით თავდაცვის შესაძლებლობების მხარდაჭერის სფეროში, მისი განხორციელებისთვის შესაბამისი რესურსი გვაქვს. თუ თქვენ პოლიტიკურ რისკს გულისხმობთ, პასუხია — არა. ალიანსის სიძლიერე იმაშია, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას კონსენსუსით ვიღებთ. თუ 32-ვე მოკავშირე თანხმდება სომხეთთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მაშინ ჩვენი მხრიდან რისკი არ არსებობს.

მეურმიშვილი: აზერბაიჯანი, ეკონომიკურ და გარკვეულწილად პოლიტიკურ დონეზე, რუსეთთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს. როგორ უმკლავდება ნატო ამ მოცემულობას?

მეზაროში: კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ ვთვლი, რომ აზერბაიჯანისა და რუსეთის ურთიერთობებში ჩარევა გვჭირდება. ეს არასოდეს ყოფილა დაბრკოლება ჩვენი პარტნიორობისთვის; ჩვენ ამას პატივს ვცემთ და ვიღებთ.

აზერბაიჯანთან ბევრ საკითხზე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მათ შორის, ენერგოუსაფრთხოებაზე. ის ევროპული ქვეყნებისთვის ენერგიის მნიშვნელოვანი მიმწოდებელია, განსაკუთრებით ახლა, როცა რუსულ რესურსებზე დამოკიდებულებისგან ვთავისუფლდებით. ვთანამშრომლობთ სამეცნიერო სფეროში, სამხედრო სწავლებების, განათლებისა და ტრენინგების მიმართულებით. რა თქმა უნდა, არ გვავიწყდება ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომელიც აზერბაიჯანმა გაგვიწია ავღანეთის ოპერაციებში. ისინი, 2021 წელს, ქაბულის აეროპორტში [არაწევრ ქვეყნებს შორის] ერთ-ერთი უკანასკნელნი დარჩნენ. აზერბაიჯანელი სამხედროების სიმამაცე ნატოს არ დავიწყებია.

მეურმიშვილი: როდესაც ამ რეგიონზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, ვგულისხმობთ რუსულ გავლენას — იქნება ეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური გზებით, ენერგორესურსების ექსპორტით თუ ჰიბრიდული ოპერაციებით. როგორ ეხმარება ნატო სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს ჰიბრიდული ოპერაციებისა და დეზინფორმაციის მოგერიებაში?

მეზაროში: ამ რეგიონის სამივე პარტნიორს, ისევე როგორც თავად მოკავშირეებს, აქვთ რუსულ ჰიბრიდულ ოპერაციებთან ბრძოლის გამოცდილება. ჩვენს გენერალურ მდივანს არ უყვარს სიტყვა „ჰიბრიდული“, რადგან, მისი აზრით, ის სრულად ვერ ასახავს იმას, რაზეც სინამდვილეში ვსაუბრობთ — საბოტაჟი, მკვლელობები, არჩევნებში ჩარევაც კი. ეს ძალიან სერიოზული საკითხებია. თუ მათ უბრალოდ „ჰიბრიდულს“ ვუწოდებთ, შეიძლება რაღაც რბილ და უწყინარ მოვლენად მოგვეჩვენოს. სინამდვილეში, ეს არის რუსეთის მხრიდან განხორციელებული უმძიმესი ქმედებები, რომლებიც ემსახურება დემოკრატიის დაზიანებას და დემოკრატიულ გადაწყვეტილებებში ჩარევას. ხშირ შემთხვევაში კი, უკრაინისთვის ჩვენი მხარდაჭერის შეფერხებას.

ვფიქრობ, მოკავშირეებისა და პარტნიორების მაგალითზე ვხედავთ, რომ პირიქით, ეს ქმედებები მხოლოდ აძლიერებს უკრაინისადმი ჩვენს მხარდაჭერას და იმედია, ჩვენს დემოკრატიებსაც განამტკიცებს. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ მედეგობის გაძლიერებაზე, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებაზე.

სომხეთში მნიშვნელოვანი არჩევნები ახლოვდება. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს და ველოდებით რუსულ ჩარევას, რაც, სამწუხაროდ, ჩვეულებად იქცა დემოკრატიული პროცესების დროს.


მეურმიშვილი: თქვენ მოკლედ ახსენეთ უკრაინა. არის თუ არა რამე, რაც რუსულ ოპერაციებთან დაკავშირებით, ნატომ უკრაინის მაგალითზე ისწავლა და ეხმარება თუ არა ნატო თავის კავკასიელ პარტნიორებს ამ გაკვეთილების საკუთარ სისტემებში დანერგვაში?


მეზაროში: უკრაინას, სამწუხაროდ, ბევრი მწარე გაკვეთილი აქვს როგორც ბრძოლის ველიდან, ისე რუსული ჩარევის მეთოდებიდან, რაც ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ, ამ გაკვეთილების ანალიზსა და დანერგვაზე. პოლონეთში, ბიდგოშჩში, დავაფუძნეთ ნატო-უკრაინის ერთობლივი მომზადების, განათლებისა და წვრთნის ცენტრი, რომელიც სწორედ ამ გამოცდილებას აგროვებს. ასევე გვაქვს „ანალიზისა და გამოცდილების გაზიარების ერთობლივი ცენტრი“ პორტუგალიაში. ეს ნატოს სტრუქტურაა, სადაც ხდება გამოცდილების სისტემატიზაცია. ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის მწარე გაკვეთილები, რომლებსაც უკრაინა ამ სასტიკი ომის ფასად იღებს.

ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა ისიცაა, რომ რუსული სამხედრო მანქანა არ აღმოჩნდა ისეთი ძლიერი, როგორც ყველას გვეგონა. ეს მნიშვნელოვანია გვახსოვდეს.

მეურმიშვილი: მოკლედ შევეხოთ ამერიკას — [მოკავშირეების თავდაცვის ხარჯების] 5%-იანი ნიშნული, ეს რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს უკავშირდება თუ ალიანსში აშშ-ის მეტად ჩართულობას?


მეზაროში: თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებით, ჰააგის სამიტზე მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული. თქვენ ახსენეთ 5%-იანი ნიშნული, რაც გულისხმობს 3.5%-ს უშუალოდ თავდაცვის ხარჯებისთვის და 1.5%-ს თავდაცვასთან დაკავშირებული სფეროებისთვის. მაგალითად, ინფრასტრუქტურა, კიბერთვდაცვა და ა.შ. ეს მართლაც ისტორიული ნაბიჯია. ვფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას ეკუთვნით აღიარება ამ საკითხის ნატოში წინ წამოწევისთვის, „ტვირთის სამართლიანი განაწილების“ მნიშვნელობის ხაზგასასმელად. ეს რიცხვები ჰაერიდან არ არის აღებული. სინი განსაზღვრულია საფრთხეების შესაბამისად.

დავუბრუნდები 2022 წლის სტრატეგიულ კონცეფციას, სადაც ორი ძირითადი საფრთხეა გამოკვეთილი: რუსეთი, როგორც ყველაზე პირდაპირი საფრთხე და ტერორიზმი. ჩვენ გვაქვს თავდაცვის გეგმები ამ საფრთხეების მოსაგერიებლად, რაც მოითხოვს კონკრეტულ შესაძლებლობებს ჩვენი შეიარაღებული ძალებისგან.

პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ყოველთვის მკაფიოდ საუბრობდნენ იმაზე, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ივლისში, ანკარის სამიტზე, ჩვენ შევაფასებთ როგორ ასრულებენ მოკავშირეები ჰააგის სამიტზე აღებულ ვალდებულებებს. 5% კონკრეტული რიცხვია, რომელიც ნაკარნახევია საფრთხეებითა და მათზე რეაგირების საჭიროებით. ამან ალიანსი უფრო გააერთიანა. ეს იყო 32-ვე ქვეყნის ერთობლივი გადაწყვეტილება, რაც ორგანიზაციას კიდევ უფრო გააძლიერებს.

მეურმიშვილი: რა მოხდება ივლისში, თუ ნატოს ყველა წევრი ვერ მიაღწევს 5%-იან ნიშნულს? კვლავ არსებობს თუ არა შიში, რომ აშშ-მა შეიძლება ზურგი აქციოს ნატოს?


მეზაროში: უპირველესად, ჩვენ სპეკულაციებით არ ვართ დაკავებულნი. ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ ყველა შეასრულებს ვალდებულებას, რადგან ყველა ხედავს ჩვენ წინაშე არსებულ საფრთხეებს. აქვე ვიტყვი, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა, მისმა ადმინისტრაციამ, სახელმწიფო მდივანმა რუბიომ და სხვებმა, არაერთხელ დაადასტურეს თავიანთი ურყევი ერთგულება ნატოსა და მე-5 მუხლის მიმართ.

საკმარისია შეხედოთ აშშ-ის სამხედრო წარმოდგენილობას ევროპაში და მათ კონკრეტულ ნაბიჯებს ევროპის უსაფრთხოებისთვის. ეს არ არის საკითხი, რომელზეც შეიძლება ვღელავდეთ. ნატო 5%-იანი ხარჯვითი მიზნით მხოლოდ ძლიერდება.

მეურმიშვილი: ხართ თუ არა ოპტიმისტურად განწყობილი, რომ არსებული გამოწვევების ფონზე, „ღია კარის პოლიტიკა“ ძალაში დარჩება?

მეზაროში: ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ნატოს „ღია კარის პოლიტიკა“ ისტორიული წარმატებაა. შეხედეთ რეგიონს და იმ მოკავშირეებს, რომლებიც 1999 წლის შემდეგ შემოუერთდნენ ალიანსს, ნახეთ, რა წვლილი შეაქვთ მათ საერთო უსაფრთხოებაში.

„ღია კარის პოლიტიკა“ არ არის ის, რისი შეცვლაც შეგვიძლია. ის ჩაწერილია ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-10 მუხლში. ამიტომ, მისი ვალიდურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ახლა მთავარია, რამდენად მზად იქნებიან ასპირანტი ქვეყნები საჭირო რეფორმების გასატარებლად და როდის იქნებიან მოკავშირეები მზად გაფართოების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. კარი ღიაა და ეს ისტორიული ფაქტია. ასე რომ, მომავლის მიმართ ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად არსებობს.

ასევე ნახეთ:

  • „ახალი სტარტის“ შეთანხმება აღარ არსებობს — რა იქნება შემდეგ?
  • ნატოს მიდგომა სამხრეთ კავკასიის მიმართ
  • იური ლუიკი: უკრაინაში სუსტი მშვიდობა ნატოს პოზიციებს შეარყევს
  • სახდეპის სპიკერი ჰანრაჰანი-დარსალიას შეხვედრაზე: განიხილეს სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის შესაძლებლობები
Tags: აზერბაიჯანინატოსამხრეთ კავკასიასაქართველოსომხეთი
ია მეურმიშვილი

ია მეურმიშვილი

Ia Meurmishvili is co-founder, president, CEO, and editor in chief of Independence Avenue Media. Known in her native Georgia as a television anchor, she previously managed Voice of America’s Georgian Service, leading coverage of U.S. foreign policy, NATO, and regional security. She is a frequent guest commentator, conference speaker, and lecturer.  

logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Donate Now

© 2025 Independence Avenue Media

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო

© 2025 Independence Avenue Media