• English
  • Українська
  • Русский
Donate Now
No Result
View All Result
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Independence Avenue Media
Home რჩეული

კრონიგი: შეიარაღების რბოლა დაწყებულია და ამერიკამ ეს რეალობა უნდა მიიღოს

დოქტორი კრონიგი, აშშ - რუსეთს შორის შეიარაღების კონტროლის ორმხრივი შეთანხმების ეპოქის დასასრულის და ჩინეთის მზარდი ბირთვული არსენალის სტრატეგიულ შედეგებს განიხილავს.

ნიკა ლომიძეby ნიკა ლომიძე
მარტი 12, 2026
President Donald Trump and Russian president Vladimir Putin participate in a joint press conference after their meeting at the Arctic Warrior Event Center at Joint Base Elmendorf Richardson in Anchorage, Alaska, Friday, August 15, 2025. (Official White House Photo by Daniel Torok)

President Donald Trump and Russian president Vladimir Putin participate in a joint press conference after their meeting at the Arctic Warrior Event Center at Joint Base Elmendorf Richardson in Anchorage, Alaska, Friday, August 15, 2025. (Official White House Photo by Daniel Torok)

A A
Summarize with ChatGPTShare on X
🔊

მეთიუ კრონიგი ამბობს, რომ შეიარაღების ახალი რბოლა „წლების წინ“ დაიწყო. თუმცა, შეერთებულმა შტატებმა, რუსეთთან „ახალი სტარტის“ შეთანხმების განახლებაზე უარის თქმით, რბოლაში ჩართვის შესახებ ახლახან მიანიშნა.

„რუსეთი და ჩინეთი ამ რბოლაში იყვნენ, ჩვენ კი განზე ვიდექით“, ამბობს დოქტორი კრონიგი, ატლანტიკური საბჭოს გეოსტრატეგიის მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი და სკოუკროფტის სტრატეგიისა და უსაფრთხოების ცენტრის უფროსი დირექტორი. „ახლა ჩვენ რბოლაში დავბრუნდით და ვფიქრობ ეს კარგია“, ამბობს კრონიგი.

Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში, კრონიგი ამბობს, რომ შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების გამოწვევა არა შეიარაღების ახალი რბოლაა, არამედ სამყარო, რომელშიც აშშ-ის ბირთვული ქოლგა, რუსეთისა და ჩინეთის ბირთვულ შესაძლებლობებზე შეიძლება არ დომინირებდეს.

მისი თქმით, მაშინ, როცა ჩინეთი ბირთვულ შეიარაღებაში აღმავალი ძალაა, აშშ-სა და რუსეთს შორის, ორმხრივი შეთანხმებების ერა დასრულდა.

ინტერვიუ ჩაწერილია 2026 წლის 6 მარტს, რედაქტირებულია სიცხადისა და ლაკონურობისთვის.

ნიკა ლომიძე, Independence Avenue Media: შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, „ახალი სტარტის“ ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა და ის აღარ განახლებულა. რა ნიშნავს ეს გლობალური ბირთვული სტაბილურობისთვის?

მეთიუ კრონიგი, ატლანტიკური საბჭოს სკოუკროფტის სტრატეგიისა და უსაფრთხოების ცენტრის უფროსი დირექტორი: საბოლოო ჯამში, ვფიქრობ ეს კარგია. მიზეზი ისაა, რომ ჩინეთს სწრაფად მზარდი ბირთვული პოტენციალის გათვალისწინებით, ისტორიაში პირველად, შეერთებულ შტატებს მოუწევს შეაკავოს არა მხოლოდ ერთი ბირთვული ძალა, რუსეთი, არამედ ერთდროულად ორი ძალა — რუსეთი და ჩინეთი. ამისთვის, ცივი ომის დასრულების შემდეგ პირველად, შეერთებულ შტატებს ბირთვული არსენალის გაზრდა მოუწევს.

ახლა, როცა „ახალი სტარტი“ აღარ მოქმედებს, შეერთებული შტატები შეძლებს, რუსეთისა და ჩინეთის შესაკავებლად, თავისი ბირთვული არსენალი გააძლიეროს და ეფექტურად გააფართოოს აშშ-ის ბირთვული ქოლგა ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებზე, ევროპასა და აზიაში.

ლომიძე: ფიქრობთ, რომ სტრატეგიული ბირთვული სტაბილურობის ახალ ეპოქაში შევდივართ, თუ ეს გარკვეულწილად უკან გადადგმული ნაბიჯია?

კრონიგი: ვფიქრობ, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან, ხელშეკრულებას აზრი ჰქონდა 2010 წელს, როდესაც მას ხელი მოაწერეს, მაგრამ მას შემდეგ სამყარო ძალიან შეიცვალა. რუსეთი, ევროპაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უდიდეს ომს აწარმოებს. როგორც უკვე ვთქვი, ჩინეთი მასიურ ბირთვულ ძალებს აგროვებს. შეერთებულ შტატებს ამ რეალობასთან ადაპტირება სჭირდება.

არ ვიცი, დავარქმევდი თუ არა ამას ბირთვული სტაბილურობის პერიოდს. ვფიქრობ, ჩვენი სტრატეგიული შეიარაღების ახალ კონკურენციასა და ისტორიის ახალ პერიოდში შევდივართ, რომელიც, გარკვეული თვალსაზრისით, უფრო მეტად იქნება ცივი ომის პერიოდის მსგავსი, ვიდრე მისი შემდგომი პერიოდის მსგავსი. ცივი ომის შემდგომი პერიოდი ანომალიური იყო, როდესაც დიდ სახელმწიფოებს შორის კონკურენცია და ბირთვული იარაღიც უკანა პლანზე გადავიდა. თუმცა, ახლა დიდ სახელმწიფოებს შორის კონკურენცია ბრუნდება. ბირთვული იარაღი კვლავ საერთაშორისო პოლიტიკის წინა პლანზეა და შეერთებულ შტატებს ძლიერი ბირთვული შემაკავებელი ძალა სჭირდება საკუთარი თავისა და მოკავშირეების დასაცავად.

ლომიძე: შეგიძლიათ ცოტა რამ გვიამბოთ იმის შესახებ, თუ როგორ იმუშავა „ახალმა სტარტმა“ შეერთებული შტატებისა და მისი შეკავების ძალისთვის, რა ვერ გააკეთა ამ ხელშეკრულებამ და რას უნდა ველოდოთ მომავალში?

კრონიგი: დიახ, სარგებლით დავიწყოთ: მან როგორც შეერთებული შტატების, ასევე რუსეთის სტრატეგიულად განლაგებული ბირთვული ძალების რაოდენობა 1550 ბირთვულ იარაღზე შეინარჩუნა. ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე ცივი ომის დროინდელი მაქსიმუმი, როდესაც ორივე მხარეს ათობით ათასი ბირთვული იარაღი ჰქონდა. ხელშეკრულებით, ასევე გათვალისწინებული იყო ინსპექტირების რეჟიმი, რომლის მიხედვითაც, შეერთებულ შტატებს შეეძლო ინსპექტორების გაგზავნა რუსეთში და პირიქით, რათა გადამოწმებულიყო და დადასტურებულიყო ხელშეკრულების პირობების დაცვა.

და იმ დროს, 2010 წელს, როცა აშშ-სა და რუსეთს შორის კონფლიქტი თითქმის წარმოუდგენლადაც კი ჩანდა, საუბარი იყო „გლობალურ ნულზე“ — ბირთვული იარაღის სრულ განულებაზე. ობამას ადმინისტრაცია იმედოვნებდა, რომ 1550 მხოლოდ შუალედური გაჩერება იქნებოდა, რადგან ისინი ბირთვული იარაღის რაოდენობის შემცირებას განაგრძობდნენ. იდეაც სწორედ ეს იყო.

ხელშეკრულების უარყოფითი მხარე, მისი გაფორმების დროსაც კი, ის იყო, რომ ის არ მოიცავდა რუსეთის ე.წ. არასტრატეგიულ ბირთვულ იარაღს. რუსეთს, დაახლოებით, 2000 საბრძოლო ბირთვული იარაღი, მოკლე რადიუსის რაკეტები, თავისუფალი ვარდნის ბომბები და ნაღმები აქვს, რომლებიც ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული.

შემდეგ კი, დროთა განმავლობაში, ხელშეკრულების სასარგებლოდ არგუმენტები შესუსტდა. კოვიდ-19-ის პანდემიის დროს რუსეთმა შეწყვიტა ადგილზე ინსპექტირება. ხოლო 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთმა შეწყვიტა ინსპექტირებისა და შემოწმების ზომების დაცვა. მათ განაცხადეს, რომ ნებაყოფლობით დაიცავდნენ შეზღუდვებს, მაგრამ არ მისცეს ამერიკულ ინსპექტირებას ამის რეალურად გადამოწმების საშუალება… ეს სერიოზულ პრობლემად იქცა.

და, როგორც აღვნიშნე, ჩინეთის ბირთვული პოტენციალის გაზრდამ, ხელშეკრულება შეერთებული შტატებისთვის აზრს მოკლებული გახადა.

ლომიძე: მედიით გავრცელებული კომენტარების დიდი ნაწილი მიუთითებს, რომ ჩვენ რაღაც ტიპის ბირთვული შეიარაღების რბოლის ახალ ეპოქაში შევდივართ. იზიარებთ ამ მოსაზრებას?

კრონიგი: სინამდვილეში, შეიარაღების რბოლა წლების წინ დაიწყო და შეერთებული შტატები უბრალოდ განზე იდგა. რუსეთი და ჩინეთი ამ რბოლაში მონაწილეობდნენ, ჩვენ კი განზე ვიდექით. ახლა ჩვენ რბოლას დავუბრუნდით და ვფიქრობ ეს კარგია. ხშირად, მედია შეიარაღების რბოლაზე ისე საუბრობს, თითქოს ეს რაღაცნაირად ცუდი რამ იყოს. მაგრამ ეს არ არის ყველაზე ცუდი შედეგი. ყველაზე ცუდი შედეგი ისა, რომ მოწინააღმდეგეები იარაღს აგროვებენ, რათა შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს დაემუქრონ და შეერთებული შტატები ამას არ პასუხობს, რაც ჩვენ სუსტებს და დაუცველს გვხდის. ეს მხოლოდ აგრესიას იწვევს.

შეიარაღების რბოლა შეიძლება იყოს კარგი რამ. ეს ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები ქმნის ძალებს, რომლებიც მას თავის დასაცავად სჭირდება. ეს ჩვენს მოწინააღმდეგეებს, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, რეალურ დილემას უქმნის. ნამდვილად სურს რუსეთს, რომლის მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი), გლობალური მშპ-ს 2 პროცენტია, შეიარაღების რბოლაში შევიდეს შეერთებულ შტატებთან, რომლის მშპ, გლობალური მშპ-ს 26 პროცენტია? ცივი ომის დროს, ამით ჩვენ მოსკოვი გავაკოტრეთ. თუ რუსეთს კვლავ სურს ამ თამაშში შევიდეს, დაე ასე იყოს. ისინი წააგებენ.

ასე რომ, ვიმედოვნოთ, რომ ეს შეიარაღების რბოლაა. ეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე შეკავების მარცხი და ბირთვული ომი, რაც ნამდვილად არის ამის ალტერნატივა.

ლომიძე: რა დასკვნების გამოტანა შეიძლება ირანში მიმდინარე [აშშ – ისრაელის] სამხედრო ოპერაციებიდან? ბირთვული საკითხი ცენტრალურ ადგილს იკავებდა შეერთებულ შტატებს, ისრაელსა და ირანს შორის მოლაპარაკებებში. რა დასკვნები შეიძლება გამოიტანონ სხვა სახელმწიფოებმა?

კრონიგი: მთავარი დასკვნა ის არის, რომ ეს პოტენციურად გარდაქმნის აშშ-ის როლს გლობალური უსაფრთხოების გარემოში. ცოტა ხნის წინ მე ვიტყოდი, რომ შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს აგრესორების ეს ახალი ღერძი წარმოადგენს — ჩინეთი, რუსეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა — რომლებიც სულ უფრო მეტად თანამშრომლობენ, მათ შორის, ევროპაში რუსეთის ომში. ირანელები რუსეთს დრონებს აწვდიან. ჩრდილოეთ კორეელები იქ ჯარისკაცებს გზავნიან. ჩინეთი ეკონომიკურ მხარდაჭერას და ბევრ სხვა რამეს უზრუნველყოფს. ჭადრაკის დაფაზე ამ ფიგურებიდან ერთ-ერთის მოცილება — [ირანის] ისლამური რესპუბლიკის ამოღება ან მისი მნიშვნელოვნად დასუსტება მომდევნო ათწლეულის განმავლობაში — ასუსტებს აგრესორების ამ ღერძს და საშუალებას აძლევს შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს, ყურადღება დარჩენილ მოწინააღმდეგეებზე გაამახვილონ, რაც მნიშვნელოვნად ცვლის საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს.

ლომიძე: არსებობს შეშფოთება, რომ ირანში მიმდინარე ოპერაციების გათვალისწინებით, ისეთი სახელმწიფოები, როგორიცაა, მაგალითად, საუდის არაბეთი, შეკავებისა და უსაფრთხოების მიზნით, საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნისკენ მიდრეკილნი გახდებიან. ხედავთ ამ მოსაზრებების რეალურ საფუძველს?

კრონიგი: მართალია, რომ ასეთი შიშები არსებობს. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ირანში მიმდინარე კამპანია, რეგიონში [ბირთვული იარაღის] გაუვრცელებლობისთვის კარგია. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საუდის არაბეთის მსგავსი ქვეყანა დაინტერესებული იყო ბირთვული ინფრასტრუქტურის პოტენციურად მშენებლობით, ის იყო, რომ თუ ირანი ბირთვულ იარაღს შეიმუშავებდა, მას თავადაც მოუნდებოდა ბირთვული იარაღის შექმნა. ვფიქრობ, სამხედრო ოპერაცია აჩვენებს, რომ ირანს ვერ ექნება ბირთვული იარაღი უახლოეს მომავალში, თუ ამას ოდესმე მაინც შეძლებს. საუდის არაბეთისთვის ბირთვული იარაღის შექმნის მოტივაცია აღმოიფხვრა.

ლომიძე: იმის გათვალისწინებით, რომ შეერთებულმა შტატებმა გააძლიერა წითელი ხაზები და ხელახლა აწესებს შემაკავებელ ზომებს, ხედავთ რაიმე შესაძლებლობას, რომ რუსეთი და ჩინეთი რაიმე სახის ახალი ბირთვული შეთანხმების მოლაპარაკებას შეეცდებიან?

კრონიგი: ტრამპმა დაწერა „გარიგების ხელოვნება“. მას კარგი გარიგებები უყვარს. პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, ის რუსეთთან და ჩინეთთან შეიარაღების კონტროლის სამმხრივი ხელშეკრულების დადებას ცდილობდა. სწორედ ასე უნდა გამოიყურებოდეს მომავლის შეიარაღების კონტროლი. რუსეთთან ორმხრივი შეთანხმების მოლაპარაკება მაშინ, როდესაც შეერთებული შტატების ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი მოწინააღმდეგე ჩინეთი შეუზღუდავია, ნამდვილად აზრს მოკლებულია.

რუსეთთან შეიარაღების კონტროლის შესახებ ორმხრივი მოლაპარაკებები დასრულდა. მომავალი სამმხრივ მოლაპარაკებებშია, რომლებიც შეზღუდვებს დაუწესებს როგორც რუსეთის, ასევე ჩინეთის შეიარაღებულ ძალებზე. შეერთებულმა შტატებმა ეს უნდა სცადოს. ვვარაუდობ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ამა შეეცდება, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება. ჩინეთს, ისტორიულად, არ სურდა შეიარაღების კონტროლზე საუბარიც კი. ვვარაუდობ, რომ შეიარაღებაში კონკურენციას ვიხილავთ.

ლომიძე: რა ასიმეტრიები არსებობს ამჟამად რუსეთს, ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებში? რა უპირატესობები აქვს შეერთებულ შტატებს? რა უპირატესობები აქვთ რუსეთსა და ჩინეთ]?

კრონიგი: [რუსეთის] ერთ-ერთი დიდი უპირატესობა, რაც უკვე ვახსენე, სამხედრო ოპერაციების თეატრისთვის ბირთვული იარაღის დიდი არსენალია. შეერთებულ შტატებს ეს ნამდვილად არ აქვს. შეერთებული შტატები თავის სტრატეგიულ ძალებზეა ორიენტირებული. ევროპაში რამდენიმე ასეული თავისუფალი ვარდნის ბომბი გვაქვს, მაგრამ სულ ესაა.

ამასობაში, რუსეთსა და ჩინეთს საბრძოლო მოქმედებების თეატრის ბირთვული იარაღის დიდი მარაგი აქვთ. ესკალაციის ამ დაბალ დონეზე, მათ მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვთ, რადგან ფლობენ მცირე ზომის ბირთვულ იარაღებს, რომელთა გამოყენებაც ბრძოლის ველზეა შესაძლებელი.

შეერთებული შტატების მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ჩვენ კვლავ მსოფლიო ტექნოლოგიური ლიდერები ვართ ეფექტური მართვისა და კონტროლის, ჩვენი მიწოდების სისტემების სიზუსტის, ჩვენი ქობინების ეფექტურობისა და სიმძლავრის, ჩვენი წყალქვეშა ნავების ფარულობის მხრივ და ა.შ. ისინი ამაში ვერ შეგვედრებიან. ასევე, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ კვლავ მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკა ვართ. თუ მეტი ან უკეთესი ბირთვული იარაღის შემქნა ეკონომიკურ კონკურენციის საკითხი გახდებოდა, მე ვამჯობინებდი აშშ-ის პოზიციაში ვიყო, ვიდრე რუსეთის ან ჩინეთის.

ლომიძე: თქვენ შეერთებულ შტატებს მისი სტრატეგიული პოზიციის შესახებ რეკომენდაციები მიაწოდეთ. ამ სფეროს ექსპერტი ხართ. რა რჩევები გექნებოდათ თქვენი ევროპელი კოლეგებისთვის, აშშ-ის სტრატეგიული და შეკავების პოლიტიკის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით? პოლიტიკის ცვლილების რა ფაქტორებს უნდა მიაქციონ ყურადღება?

კრონიგი: ევროპელ კოლეგებთან წლების განმავლობაში მრავალი საუბრიდან გამომდინარე ვიცი, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ყველაზე დიდი უთანხმოება, ხშირად, თავად ევროპულ დედაქალაქებს შორისაა. არიან საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც ხშირად ძალიან ორიენტირებულნი არიან იარაღის კონტროლზე, გაუვრცელებლობასა და განიარაღებაზე. ვფიქრობ, ისინი ამ მომენტს ალბათ შეშფოთებით უყურებენ.

რასაც ვეტყოდი ჩემს კოლეგებს ევროპულ საგარეო საქმეთა სამინისტროებში ან შესაძლოა ფართო საზოგადოებას, არის ის, რომ შეერთებული შტატების მიერ ბირთვული შემაკავებელი ძალის გაძლიერება ამ მომენტში შეშფოთების საგანი არ არის. ეს დამშვიდების საფუძველი უნდა იყოს. და თუ გსურთ იარაღის კონტროლისა და განიარაღების საკითხში შემდგომი პროგრესის მიღწევა, პრობლემა ვაშინგტონში არ არის. პრობლემა მოსკოვსა და პეკინშია. თქვენი დიპლომატიური ძალისხმევა სწორედ ამაზე გაამახვილეთ. ასევე, საშუალება უნდა მისცენ თავდაცვის სამინისტროებს, იმუშაონ შეერთებულ შტატებთან, ნატოს თავდაცვის ძალების გასაძლიერებლად. ამერიკული ბირთვული იარაღი, რა თქმა უნდა, ტრანსატლანტიკური ალიანსის უსაფრთხოებისა და თავდაცვის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

ლომიძე: როგორ ხედავთ მომავალს მომდევნო 10-15 წელში? ვიხილავთ თუ არა ახალ ხელშეკრულებებს, თუ ვითარება, ასე ვთქვათ, წესების გარეშე დარჩება და უკონტროლო კონკურენციად გადაიქცევა?

კრონიგი: ვფიქრობ, ერთ-ერთი შესაძლო ინდიკატორი ისაა, თუ როგორ გავაკეთეთ ეს პირველი ცივი ომის დროს. 1945 წლიდან 1970-იანი წლების დასაწყისამდე შეიარაღებაში ინტენსიური კონკურენცია იყო. [საბჭოთა კავშირს] იმ დროს ათობით ათასი ბირთვული იარაღი ჰქონდა და მათ თქვეს: „კარგი, ვფიქრობთ, ეს საკმარისია. მოდით, შეზღუდვებზე შევთანხმდეთ“. ვფიქრობ, ჩვენ ამას გავიმეორებთ.

ვვარაუდობ, რომ სამ ძალას შორის შეიარაღებაში ინტენსიური კონკურენცია იქნება 10, 15, 20 წლის განმავლობაში, სანამ ისინი არ მიაღწევენ გარკვეულ წერტილს, სადაც იტყვიან: „კარგი, მგონი საკმარისია, ახლა დროა შეზღუდვებზე მოვილაპარაკოთ“.

კიდევ ერთხელ, პრობლემა ვაშინგტონში არ არის. ვფიქრობ, ვაშინგტონი ახლავე მოილაპარაკებდა შეზღუდვებზე. პრობლემა პეკინი და მოსკოვია.

ლომიძე: თუ კონკურენციის ახალ ეპოქაში შევალთ და შემდეგ ისევ უკან დახევას ვეცდებით, რა გაკვეთილები უნდა მიიღონ ქვეყნებმა, მაგალითად, უკრაინამ? მათ ბირთვული არსენალი ჰქონდათ და ის დათმეს. ვთქვათ, 2050 წელს, რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება ქვეყნებმა, თუ ამ ციკლურ ფაზაში ხელახლა შევალთ?

კრონიგი: ვფიქრობ, უკრაინამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო ბირთვული იარაღის დათმობით, თუ 1990-იან წლებს გავიხსენებთ. ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა კლინტონის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო. თუ უკრაინა შეინარჩუნებდა ბირთვულ იარაღს, მას ისევე მოეპყრობოდნენ, როგორც ჩრდილოეთ კორეას ან ირანს მოექცნენ ბოლო 10 ან 20 წლის განმავლობაში – სანქციებით, სამხედრო მუქარით და შესაძლოა სამხედრო დარტყმებითაც კი. ვფიქრობ, რომ უკრაინამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ვფიქრობ, დასავლეთმა უკრაინის დაცვაში შეცდომა 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე დაუშვა. იმ დროს უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანება უნდა შეგვეთავაზებინა. ამის ნაცვლად, ჩვენ ისინი ერთგვარ რუხ ზონაში მოვაქციეთ — „საბოლოოდ, თქვენ ნატოში იქნებით, მაგრამ ჯერ არა“. ამან [რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ] პუტინისთვის დარტყმის შესაძლებლობა შექმნა.

მომავლისთვის გაკვეთილი ის არის, რომ ქვეყნები უკეთ ისარგებლებენ შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ვაშინგტონისთვის გაკვეთილი ის არის, რომ აშშ-ის ბირთვული ქოლგა ბოლო 80 წლის განმავლობაში მსოფლიოში მშვიდობის უდიდესი წყარო იყო. ამის გავრცელება ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა უკრაინა, რომლებსაც სურთ თავისუფალი სამყაროს ნაწილი იყვნენ, სწორი გზაა.

ლომიძე: როცა უკრაინაში მშვიდობა დამყარდება, თუ უკრაინის ნატოში გაწევრიანება დღის წესრიგში დადგება, ეს ევროპის მშვიდობისა და ბირთვული სტაბილურობისთვის უკეთესი იქნებოდა?

კრონიგი: ვფიქრობ, საერთო ჯამში კი. რადგან, თუ პუტინის ქცევას დააკვირდებით, ის შეიჭრა ან სამხედრო ძალა გამოიყენა ნატოს არაწევრი თითქმის ყველა მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ, მაგრამ არასდროს გამოუყენებია სამხედრო ძალა ნატოს წევრი ქვეყნის წინააღმდეგ. ის [ნატოს წევრობას] ცხად წითელ ხაზად ხედავს. უკრაინა ნატოს წევრი რომ იყოს, ვფიქრობ, რუსეთ-უკრაინის საზღვარზე მშვიდობა გვექნებოდა. ეს კი, თავის მხრივ, დანარჩენ ევროპასაც უფრო მშვიდობიანს და უსაფრთხოს გახდის.

ასევე ნახეთ:

  • „ახალი სტარტის“ შეთანხმება აღარ არსებობს — რა იქნება შემდეგ?
  • “ეპიკური რისხვა” — სამიზნეები, ამოცანები და შესაძლო საბოლოო შედეგები
  • პაიფერი: კონფლიქტი ირანში აჩვენებს, რა ლიმიტები აქვს რუსეთთან მეგობრობას
  • შესაძლებელია თუ არა ლვივის აეროპორტის გახსნა? ბორის ჯონსონი ამბობს, რომ კი
ნიკა ლომიძე

ნიკა ლომიძე

Nika Lomidze is chief operating officer at Independence Avenue Media, overseeing operations, finance, and strategic development. He previously managed U.S.-funded governance and political party assistance programs across Eurasia, the Asia-Pacific, and South Asia and played defense for the Georgian national hockey team.

logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Donate Now

© 2025 Independence Avenue Media

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო

© 2025 Independence Avenue Media