ვენესუელა, ოდესღაც ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანა, დღეს იმყოფება მდგომარეობაში, რომელიც გონსალესის შეფასებით, კორუფციის, არასწორი მართვისა და გარე ჩარევების შედეგია.
ვენესუელა „ოდესღაც ძალიან მდიდარი ქვეყანა იყო, მსოფლიოში ყველაზე დიდი ნავთობის რეზერვებით… მაგრამ, ძალიან კორუმპირებული გახდა“, განაცხადა მაიკ გონსალესმა, „ჰერიტიჯის ფონდის“ უფროსმა მკვლევარმა.
მისი შეფასებით, ვენესუელა ასევე იქცა სახელმწიფოდ, რომელსაც „არა მთავრობა, არამედ კარტელი, ნარკოკარტელი“ მართავდა. ახლა ხელისუფლებაში მყოფი მთავრობა კი „ლეგიტიმური არ არის“, რადგან მან 2024 წელს არჩევნები წააგო, ხელისუფლების გადაბარებაზე კი უარი განაცხადა.
Independence Avenue Media გონსალესს ესაუბრა აშშ-ის მიერ მადუროს დაკავებაზე და ამ ნაბიჯის შესაძლო რეგიონულ გავლენაზე, მათ შორის, მექსიკასა და კოლუმბიაზე. მან ასევე ისაუბრა ვენესუელაში კუბის სამხედრო როლზე და კუბელების ქვეყანაში ყოფნა „საოკუპაციო არმიას“ გაუტოლა.
გონსალესი მოელის, რომ რეგიონში აშშ-ის მოქმედება მხოლოდ ვენესუელით არ შემოიფარგლება. მისი თქმით, „ტრამპის ადმინისტრაცია, მართებულად, ძალიან ფოკუსირებულია ამ რეგიონზე, არა მხოლოდ ვენესუელაზე, არამედ ასევე კოლუმბიასა და მექსიკაზე“. მას მიაჩნია, რომ „მომდევნო თვეებსა და წლებში, ბევრ რამეს ვიხილავთ“.
გონსალესი მიიჩნევს, რომ მადუროს დაკავებას, ისეთივე ეფექტი ექნება, როგორც მაგალითად, ბერლინის კედლის დანგრევას ჰქონდა და ამბობს, რომ ამას რეგიონში ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება.
ინტერვიუ ჩაწერილია 6 იანვარს, რედაქტირებულია სიცხადისა და ლაკონურობისთვის.
ია მეურმიშვილი, Independence Avenue Media-ს მთავარი რედაქტორი: როგორ ფიქრობთ, რა ხდება ვენესუელაში ახლა?
მაიკ გონსალესი, „ჰერიტიჯის ფონდის“ უფროსი მკვლევარი: ეს არის ქვეყანა, რომელიც ოდესღაც ძალიან მდიდარი იყო, ფლობს მსოფლიოში ყველაზე დიდ დადასტურებულ ნავთობის მარაგს — დაახლოებით, 300 მილიარდ ბარელს, ექვსჯერ მეტს, ვიდრე ჩვენ გვაქვს — და რომელიც ღრმა კორუფციაში ჩაეფლო. მისი ხელისუფლება გადაიქცა არა მთავრობად, არამედ კარტელად, ნარკოკარტელად, რომელსაც მართავს ორგანიზაცია, რომელიც ცნობილია როგორც Cartel de los Soles, „მზეების კარტელი“. [რედაქტორის შენიშვნა: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა უკან დაიხია მადუროს წინააღმდეგ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებისგან, რომ „Cartel de los Soles“ ორგანიზებულ ნარკოკარტელს წარმოადგენს. სტატია ამის შესახებ „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ ორშაბათს გამოაქვეყნა. განახლებული სარჩელის თანახმად, ტერმინი ეხება „მაღალი თანამდებობის პირების მიერ მართულ მფარველობით სისტემას, რომელსაც ეწოდება Cártel de Los Soles, ანუ მზეების კარტელი, რაც ვენესუელელი სამხედრო მაღალჩინოსნების უნიფორმებზე მზის სიმბოლოს გამოხატვით აღინიშნება“.]
ახლა ხელისუფლებაში მყოფი მთავრობა ლეგიტიმური არ არის. მან 2024 წლის არჩევნები წააგო. უარი თქვა ძალაუფლების გადაცემაზე. ვენესუელას ამჟამინდელი პრეზიდენტი [ნიკოლას] მადურო მზეების ნარკოკარტელს ხელმძღვანელობს. მას ბრალი ნიუ-იორკში წაუყენეს და ტრამპის ადმინისტრაციამ, გამოძიების ფედერალური ბიუროს დახმარებით, კარაკასში მისი დაკავებისა და ექსტრადირების ოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც არც ერთი ამერიკელი არ დაღუპულა. რამდენადაც მე მესმის, ამერიკული მხრიდან მხოლოდ შვიდი ადამიანი დაშავდა და არცერთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაში არ არის. ყველა სტაბილურ მდგომარეობაშია.
მეორე მხარეს, 40-დან 50-მდე ადამიანი დაიღუპა. სხვათა შორის, მათი დიდი უმრავლესობა ვენესუელელი კი არა, კუბელი იყო. კუბის მთავრობამ ეს კვირა საღამოს აღიარა და 32 მოკლულის ფოტო გამოაქვეყნა. კვირამდე, კუბის მთავრობა კატეგორიულად უარყოფდა, რომ კარაკასში ჯარისკაცები ჰყავდა. თუმცა, სავარაუდო რიცხვი, დაახლოებით, 15 000 კუბელი ჯარისკაცია. ეს სინამდვილეში საოკუპაციო არმიაა. ისინი მადუროს გარშემო მყოფი ადამიანები იყვნენ. სწორედ ამიტომ, ექსტრადიციის დროს ვენესუელელებზე მეტი კუბელი დაიღუპა.
მეურმიშვილი: პრეზიდენტ ტრამპის ოპონენტები ამბობენ, რომ ეს არ იყო სამართალდამცავი ოპერაცია და პრეზიდენტის სამიზნე ვენესუელას ნავთობია. თქვენ როგორ ხედავთ ამ ოპერაციას?
გონსალესი: უპირველესი და მთავარი ისაა, რომ მადურომ და შინაგან საქმეთა მინისტრმა დიოსდადო კაბელომ, კიდევ ერთმა ბრალდებულმა კრიმინალმა, 2019 წელს ნათლად განაცხადეს, რომ ვენესუელა მტრების ქუჩებში „ბოლივარიულ ქარიშხალს“ ატეხავდა.
ნარკოტიკების კონტრაბანდის თუ პოლიტიკური არასტაბილურობის გზით, ისინი შეერთებული შტატების საფუძვლების შერყევას ისახავენ მიზნად. შედეგად, აშშ-ში ნარკოტიკების ზედოზირებით წელიწადში, დაახლოებით, 100 000 ადამიანი იღუპება, რაც [იმ ამერიკელების] რაოდენობაზე მეტია, ვიდრე ვიეტნამის ან კორეის ომებში დაიღუპნენ და ეს მხოლოდ ერთი წლის მონაცემებია.
ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაცია სამართლიანად დიდ ყურადღებას აქცევს ამ საკითხებს, განსაკუთრებით არა მხოლოდ ვენესუელას, არამედ კოლუმბიასა და მექსიკასაც, საიდანაც ნარკოტიკები შემოდის და უახლოეს თვეებსა და წლებში უფრო მეტ მსგავს ქმედებას ვიხილავთ.
რაც შეეხება ნავთობს, ვენესუელა 300 მილიარდი ბარელის მარაგიდან დღეში მხოლოდ ერთ მილიონ ბარელს აწარმოებს, სულ რაღაც ერთ მილიონს. მათ ნავთობის ექვსჯერ დიდი რეზერვი აქვთ, ვიდრე შეერთებულ შტატებს და ჩვენ 14-ჯერ მეტ ნავთობს ვაწარმოებთ და ვყიდით ბაზარზე, ვიდრე ისინი. უმეტეს შემთხვევაში, ეს ხდება არასწორი მართვისა და კორუფციის გამო. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის შეფასებით, ნავთობის მონოპოლია PDVSA [Petróleos de Venezuela, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნავთობისა და გაზის კომპანია] კორუფციის ინსტრუმენტად იქცა.
ვენესუელელებისთვის, ამერიკისთვის და მთელი მსოფლიოსთვის სასარგებლო იქნებოდა, თუ ამ ნავთობს უფრო მეტად ავითვისებდით. ვენესუელური ნავთობის პრობლემა ის არის, რომ ის მძიმე ნედლი ნავთობია. ის ძირითადად ორინოკოს სარტყელში მდებარეობს. ეს პრობლემებს წარმოშობს მოპოვებასა და გადამუშავებასთან დაკავშირებით. საჭიროა კარგი მენეჯმენტი, მუდმივი ინვესტიციები და კორუფციის აღმოფხვრა. ეს ვერ მოხდება, თუ ნავთობის მონოპოლია კარტელის მიერ არის მართული. ნავთობის მდგომარეობა საგანგაშოა. ვენესუელაში წარმოების განახლება და მისი გლობალურ ბაზარზე გაყიდვა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, თუ გვსურს ფასების შემცირება. ვერ ვხვდები, რატომ უნდა იყვნენ ბატონი ტრამპის პოლიტიკური ოპონენტები ამით უკმაყოფილოები.
მეურმიშვილი: შეშფოთება დაკავშირებულია იმასთან თუ როგორი შეიძლება იყოს ვენესუელას მომავალი. ეს პირდაპირ კავშირშია არა მადუროს დამხობასთან, არამედ იმასთან, თუ როგორ იფუნქციონირებს ქვეყანა და გახდება თუ არა ის გრძელვადიანი საფრთხე შეერთებული შტატებისთვის მადუროს დამხობის შემდეგ. მითუმეტეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელას ახლა შეერთებული შტატები მართავს. შეგიძლიათ განმარტოთ, როგორ მართავს აშშ მას? რა ელის ვენესუელას მომავალში?
გონსალესი: მე ვენესუელელებს ვუსმენ, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართული. ისინი ამას მტკიცედ უჭერენ მხარს. მარია კორინა მაჩადო, რომელმაც გასულ წელს ნობელის მშვიდობის პრემია მოიპოვა, ძლიერი მხარდამჭერია. ედმუნდო გონსალესი, რომელმაც 2024 წლის არჩევნებში იმის გამო გაიმარჯვა, რომ მადურომ მაჩადოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება აუკრძალა, ასევე სრულად უჭერს მხარს ამ ნაბიჯს. მადრიდში, ნიუ-იორკში, მაიამსა და დორალში, ფლორიდაში მცხოვრები ვენესუელელები, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ საკუთარი აზრის გამოხატვა, უბრალოდ ძალიან გახარებულები არიან…
ჩვენ ვენესუელას პირდაპირ არ ვმართავთ. ვფიქრობ, ადმინისტრაცია ცდილობს მის ირიბად მართვას, დელსი როდრიგესის, ვიცე-პრეზიდენტის — რომელიც ასევე კრიმინალი და კომუნისტი ნარკობარონია — შეერთებულ შტატებთან, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან და ტრამპთან თანამშრომლობით… ჯერ არავინ ვიცით, როგორი იქნება ეს თანამშრომლობა. მჯერა, რომ სახელმწიფო მდივანი რუბიო და პრეზიდენტი ტრამპი შესაბამისად იმოქმედებენ, ისინი ძალიან მოქნილები არიან.
მეურმიშვილი: თქვენ კუბა და კოლუმბია ახსენეთ. პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ კოლუმბიას ამჟამად პრეზიდენტის თანამდებობაზე „ავადმყოფი კაცი“ ჰყავს. რას ფიქრობთ ამის შესახებ? ფიქრობთ, რომ ეს ოპერაცია უფრო ფართო რეგიონულ ოპერაციად გადაიქცევა? შემდეგი კუბაა? კოლუმბიაა?
გონსალესი: მადუროს დაპატიმრება გარკვეულწილად ბერლინის კედლის დანგრევას ჰგავს. ამას მთელი რეგიონის მასშტაბით ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება. კუბა თითქმის მთლიანად ვენესუელას ფულზეა დამოკიდებული. კუბა არშემდგარი სახელმწიფოა. ის 67 წელია კომუნისტურია. რევოლუციამ ძალიან მდიდარი ქვეყანა და საზოგადოება ნანგრევებად აქცია.
კუბის დედაქალაქი, ჰავანა, სადაც მე დავიბადე, საშინელ მდგომარეობაშია: ყველგან ვირთხები და ნაგავია. კუბა, ვენესუელური სუბსიდიების, ვენესუელური ფულის, PDVSA-სგან მიღებული ნავთობის შემოსავლების გარეშე ჩამოიშლებოდა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის დამოუკიდებლად გადარჩება. რაღაც უნდა შეიცვალოს.
კოლუმბიის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. კოლუმბია დემოკრატიაა. კოლუმბიელების მიერ არჩეულ გუსტავო პეტროს „ტვიტერის“ ანგარიშზე ვადევნებ თვალს. ის ძალიან სახალისოა, განსაკუთრებით ღამით, როცა ალბათ ის რაღაც ნივთიერების გავლენის ქვეშაა. ამ დროს ის ფილოსოფიურ აზროვნებას იწყებს, ციტირებს გაბრიელ გარსია მარკესს, საუბრობს ლეოპარდებზე, უნიკორნებსა და მისტიურ ფიგურებზე. თუ მის ნაწერებს წაიკითხავთ, არ მგონია ჩათვალოთ, რომ მას ყველაფერი რიგზე აქვს.
კოლუმბია კოკაინის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია, რაც ასევე უკავშირდება ყოველწლიურად 100 000 ამერიკელის ზედოზირებით სიკვდილს.
მექსიკა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა… მექსიკის მთავრობამ დაკარგა კონტროლი ტერიტორიის უზარმაზარ ნაწილზე, განსაკუთრებით ქვეყნის ჩრდილოეთით. ეს უბრალოდ ფაქტია. არსებობს ე.წ. 27 „მოედანი“, 27 ოლქი, რომლებსაც აკონტროლებენ კარტელები, განსაკუთრებით „სინალოას“ კარტელი. ამერიკელების მიერ განხორციელებული ექსტრადიციები უკვე მიმდინარეობს: ამერიკელი პილოტები ეშვებიან [ამ ტერიტორიებზე] და ნარკოკარტელის ლიდერებს აკავებენ. ეს მექსიკელმა ოფიციალურმა პირებმა, ქვეყნის ჩრდილოეთით მყოფმა მაღალჩინოსნებმა დამიდასტურეს, რომ ექსტრადიციები მიმდინარეობს და ისინი გაგრძელდება.
და [მექსიკის პრეზიდენტი] კლაუდია შეინბაუმი — კიდევ ერთი მარქსისტი, იმედია ზოგადი ტენდენცია გესმით აქ, რომ მარქსიზმი კორუფციასა და მმართველობის უუნარობას იწვევს — მადუროს დიდი მხარდამჭერი იყო და არა უმიზეზოდ, რადგან ისინი იდეოლოგიური მოკავშირეები არიან…
ცხადია, კლაუდია შაინბაუმის ექსტრადირებას არავინ ფიქრობს. კლაუდია შაინბაუმი პრეზიდენტად აირჩიეს. ის ძალიან პოპულარულია. ეს არ ჰგავს მადუროს, რომელიც არცერთ თანამდებობაზე ხალხს არ აურჩევია. თუმცა, მან დაკარგა კონტროლი ტერიტორიაზე და ამერიკაში მექსიკიდან დიდი რაოდენობით ნარკოტიკები შემოედინება.
მეურმიშვილი: ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიიდან ირკვევა, რომ სამხრეთ ამერიკის ქვეყნების უმეტესობა ძალიან მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის. რამდენად პესიმისტურად ან ოპტიმისტურად ხართ განწყობილი ამ რეგიონის მიმართ?
გონსალესი: უკიდურესად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. არის [არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ] მილეი. არგენტინა მნიშვნელოვანი ქვეყანაა. მილეი, რომელიც ერთ წელზე მეტია ხელისუფლებაშია, აღმოჩნდა ძალიან წარმატებული პრეზიდენტი, რომელმაც მოახერხა არგენტინის ეკონომიკის კონტროლის ქვეშ მოქცევა და მისი ფუნქციონირების აღდგენა. ჩილეში ახლახან აირჩიეს ჩემი მეგობარი, ხოსე ანტონიო კასტი. ის მალე შეცვლის მარქსისტ [გაბრიელ] ბორიკს პრეზიდენტის თანამდებობაზე…
პერუში ხელისუფლებაში კონსერვატორი პრეზიდენტი მოვა. კოლუმბიაშიც კონსერვატორ პრეზიდენტს აირჩევენ. პრეზიდენტი პეტრო ვერავის დაეხმარება არჩევნებში. ის ძალიან არაპოპულარულია და კოლუმბიელები მას დასცინიან. დიდი ალბათობით, კოლუმბიაშიც კონსერვატორი გაიმარჯვებს. ბოლივიაში უკვე გვყავს კონსერვატორი პრეზიდენტი [როდრიგო] პასი.
პარაგვაის კონსერვატორი პრეზიდენტი ჰყავს, რომელიც ასევე ბევრ კარგ საქმეს აკეთებს. პანამის პრეზიდენტს გასულ წელს შევხვდი, როცა მან თავის სასახლეში მიმიღო. მას სურდა ჩემთან ესაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ დამაკავა [პანამის ყოფილმა დიქტატორმა მანუელ] ნორიეგამ, რადგან ნორიეგამ ისიც დააკავა. იცით, მე ყოველთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ ამჯერად ამის საფუძვლიანი მიზეზი მაქვს.
ამავე თემაზე:
